მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავტოკონცერნმა, იაპონურმა Toyota-მ 2023 წლის პირველ ფისკალურ კვარტალში $9 მილიარდის წმინდა მოგება ნახა, რაც 78%-ით მეტია, ვიდრე წინა კვარტალში და თან, კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამავე პერიოდში, მოგებასთან ერთად 24%-ით გაიზარდა კომპანიის შემოსავალიც, რომელმაც $74 მილიარდი შეადგინა.
კომპანიის ფინანსური ეფექტიანობის ზრდა, უმეტესწილად, Toyota-ს ჰოლდინგში შემავალი ბრენდების ავტომობილებზე 24%-ით გაზრდილმა მოთხოვნამ და მიწოდების ჯაჭვებში პანდემიამდელი პრობლემების მდგრადმა აღმოფხვრამ გამოიწვია. გასულ კვარტალში, კომპანიამ, ჯამში 2.3 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რაც სამასი ათასი ავტომობილით მეტია, ვიდრე შარშან. ამასთან, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა Toyota-ს ჰიბრუდულ ავტომობილებზე, რაც გასაკვირი არ არის, რადგან იაპონური ჰოლდინგი წლებია, რაც ამ კატეგორიაში ლიდერობას ინარჩუნებს.
შიდა წვის ძრავების მქონე და ჰიბრიდული ავტომობილების გარდა, იზრდება მოთხოვნა Toyota-ს ელექტრომობილებზე. გასულ კვარტალში, იაპონურმა გიგანტმა ჯამში 29 ათასი ელექტრომობილი გაყიდა, რაც 625%-ით მეტია, ვიდრე შარშან, ამავე პერიოდში. ელექტრომობილებზე მზარდი მოთხოვნა ინვესტორებისთვის მოულოდნელი არ არის, რადგან კოჯი სატო, რომელიც კომპანიის აღმასრულებელ ხელმძღვანელად წლის დასაწყისში დაინიშნა, კომპანიის სწორედ ამ მიმართულებით განვითარებას გეგმავს.
წლის ჭრილში, Toyota კვლავაც $18-მილიარდიან წმინდა მოგებას პროგნოზირებს, რაც 5%-ით მეტია, ვიდრე გასულ ფისკალურ წელს. მოგებასთან ერთად, იაპონური კომპანია შემოსავლის 2%-იან ზრდასაც ვარაუდობს.
2023 წლის პირველი ფისკალური კვარტალის შედეგების გასაჯაროების შემდეგ, ტოკიოს საფონდო ბირჟის წინასავაჭრო პერიოდში, Toyota-ს აქციების ფასი 2%-ით გაიზარდა.
საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.