მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ₾500 მილიონით იზრდება - პრემიერი

მთავრობა

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 500 მლნ ლარით იზრდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის კორექტირების შესაძლებლობა მთავრობის სწორი პოლიტიკითა და მაღალი ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული.

„წელს ბიუჯეტი საკმაოდ კონსერვატიულად დავგეგმეთ. ეს იყო 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გათვლილი, მაგრამ ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკორექტირებთ ბიუჯეტს - წლევანდელი ბიუჯეტი 500 მლნ ლარით გაიზრდება. თუ როგორ გადანაწილდება ეს 500 მლნ ლარი, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. მინდა შევახსენო ყველას, რომ მესამე წელია ჩვენ დაგეგმილ ბიუჯეტს ვცვლით და ვზრდით ბიუჯეტში, 2021-ში ასე მოხდა, შარშანაც და წელს 500 მლნ ლარით იზრდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და ის პროექტები დაასახელა, რომელიც მისი პრემიერობის დროს განხორციელდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაკორექტირებულ ბიუჯეტს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2024 წლის ბიუჯეტზე მუშაობა დაწყებულია და ბიუჯეტის პირველად ვერსიას პარლამენტს სექტემბრის ბოლოს წარედგინება.

„ჩვენ ამ დაკორექტირებულ ბიუჯეტს პარლამენტს წარვუდგენთ. დაწყებული გვაქვს მუშაობა ახალ 2024 წლის ბიუჯეტზე და თვის ბოლოს პირველად ვერსიას, დაახლოებით 29 სექტემბერს პარლამენტს წარვუდგენთ. გვექნება სიახლეები, მაგრამ ეს საბოლოო ვერსია არ იქნება. გავაგრძელებთ მუშაობას და ოქტომბერში განახლებულ ვერსიას წარვუდგენთ პარლამენტს, ხოლო ნოემბერში უკვე საბოლოო ვერსიას წარვადგენთ“, - თქვა ღარიბაშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები