მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს სახელმწიფოს ვალის პროცენტის მომსახურება რეკორდულად ძვირი დაუჯდება

6357c119df770
შოთა ტყეშელაშვილი
25.10.22 15:14
1281
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს მთავრობას სახელმწიფო საგარეო ვალის პროცენტის მომსახურება რეკორდულად ძვირი დაუჯდება.

მთლიანობაში 2023 წელს საგარეო ვალზე ბიუჯეტი 1.65 მილიარდ ლარს დახარჯავს, ეს წლევანდელთან შედარებით 380 მილიონი ლარით მეტია. ვალის მომსახურების თანხაში 1.17 მილიარდი ვალის ძირზე გადაირიცხება, 480 მილიონი კი პროცენტს მოხმარდება.

ვალის პროცენტის მომსახურების საფასური წლევანდელთან შედარებით 250 მილიონი ლარით იზრდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო ვალის ნაწილი ფიქსირებულ პროცენტში აქვს დაფიქსირებული, ცვლად განაკვეთზე კი საგარეო კრედიტების 47% არის მიბმული. აუდიტის სამსახურის შეფასებით, იმ პირობებში როდესაც მსოფლიოში მონეტარული განაკვეთები მკაცრდება, ცვლად განაკვეთზე მიბმული კრედიტების პროცენტის მომსახურება გაძვირების რისკის ქვეშ დგება.

“საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხების წილი მთავრობის საგარეო ვალში ზრდადი ტენდენციით ხასიათდება და 2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით 47%-ს შეადგენს.

ვალის პორტფელში აღნიშნული ტიპის სესხების მაღალი წილი მონეტარული პოლიტიკის გლობალური გამკაცრების პირობებში, ვალის მომსახურების (პროცენტის) ხარჯის ზრდას იწვევს,”- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

საგარეო ვალის პროცენტის მომსახურების საფასურის მატებასთან ერთად, ზრდადი ტენდენცია აქვს შიდა ვალის პროცენტის ღირებულებასაც.

მომდევნო წელს მთავრობა 2.4 მილიარდის შიდა ვალს დაფარავს, საიდანაც 1.74 მილიარდი ლარი ვალის ძირი, 675 მილიონი ლარი კი ვალის პროცენტი იქნება. წინა წელთან შედარებით ვალის პროცენტის მომსახურება 150 მილიონი ლარით მეტი დაჯდება.

მთლიანობაში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 21.5 მილიარდი ლარი, შიდა ვალი კი 6.7 მილიარდი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები