მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის აუდიტის დასკვნას აფასებს და აღნიშნავს, რომ ხარვეზები, რომლებიც ანგარიშშია განხილული, რეალობას არ შეესაბამება.
კერძოდ, აუდიტის ერთ-ერთი რეკომენდაცია ეკონომიკის სამინისტროსა და მისი ა(ა)იპ “ოუფენ ნეთისათვის” ისაა, რომ სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში ინტერნეტპროვაიდერები მოიზიდონ-დააინტერესონ, რადგან მათი დიდი ნაწილი ინფორმირებული არ არის და არც მოთხოვნაა მაღალი. სეთური აღნიშნავს, რომ “ოუფენ ნეთსა” და ასოციაციას შორის კომუნიკაციას სისტემატური სახე აქვს და დასკვნა, რომ ინტერნეტოპერატორები არ არიან ინფორმირებული, სიმართლეს არ შეესაბამება.
“არასწორად გაჟღერდა მოსაზრება, თითქოს ბიზნესი არ არის ინფორმირებული. ჩვენ თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს “ოუფენ ნეთთან”, მათ შორის ოპერატორების დონეზეც, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერ ეტაპზე, როდესაც ხდება ახალი პროექტების დაგეგმარება, ჩვენ ვეუბნებით მათ, სად გვჭირდება დაშვების წერტილების ორგანიზება, როგორ უფრო მოსახერხებელი და პრაქტიკულია. რადგან თვითონ ოპერატორებმა, რომლებიც ოპერირებენ ადგილზე, იციან რეალური სურათი და ავკარგიანობა ნიადაგიდან დაწყებული, ამინდით დამთავრებული ყველაფერზე.
აუდიტის დასკვნას არ ვეთანხმები, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩემთან რამდენჯერმე იყო კომუნიკაცია აუდიტის სამსახურისგან, პირადადაც დავაკავშირე რამდენიმე ოპერატორთან. ფაქტია, რომ “ოუფენ ნეთთან” ხელშეკრულებები უკვე დადებულია და 2 წელია, უკვე ამუშავებულია. პირველ ოპტიკაზე, რომელიც გურიაში გაეშვა, მეორე დღესვე დაკონტრაქტდა ოპერატორი. ინფორმაცია რომ არ ჰქონოდათ, ამას დიდი დრო დასჭირდებოდა”, - განმარტავს სეთური.
აუდიტის რეკომენდაციები მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს. სეთური განმარტავს, რომ ოპერატორებს ისედაც უმცირდებათ იმ მდგენელების ღირებულება, რაც საბოლოო პროდუქტის საცალო ფასს განსაზღვრავს. ასოციაციის დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ აუდიტის დასკვნა იმის შესახებ, რომ 100 მბ/წ ინტერნეტის ღირებულება 100 ლარია - მოძველებულია.
“დასკვნაში ასევე ეწერა, რომ მაქსიმალური სიჩქარე არის 100 მბ/წ 100 ლარად - ეს იყო 10 წლის წინ. შემიძლია გითხრათ, რომ, მაგალითად, ქუთაისში, ერთ-ერთი ოპერატორი მომხმარებელს 100 მბ-ს 40 ლარად სთავაზობს, ამიტომ იმის თქმა, რომ 100 მბ/წ 100 ლარად არის ყველაზე მაღალი პაკეტი, არასწორია”, - აცხადებს უჩა სეთური.
რაც შეეხება მოთხოვნის ნაწილს, ასოციაციის დირექტორი განმარტავს, რომ მოთხოვნაზე სრული სურათი არ გვაქვს, რადგან ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულებული არაა, თუმცა მას ალოგიკურად მიაჩნია ფაქტი, რომ მსგავსი ხარისხის ინტერნეტზე მოთხოვნა ნაკლებია.
“ის, რომ მონაკვეთები ჯერ დასასრულებელია, სამწუხაროდ, საერთო სურათს ვერ გვაძლევს, მაგრამ ესეც უახლოეს მომავალში დასრულდება. მონაკვეთი თუ სრულად არ დასრულდა, რა თქმა უნდა, ინტერესი მის მიმართ ნაკლებია. მაგრამ არსებული წინასწარი ხელშეკრულებებიც ადასტურებს, რომ დაინტერესება დიდია და დასკვნა ალოგიკურია. იმიტომ რომ 3-ჯერ უფრო იაფი, კარგად მომსახურებადი, დაცული ახალი ოპტიკა რომ არ იყოს მოთხოვნადი, ეს ალოგიკურია”, - ამბობს სეთური და განმარტავს, რომ “ოუფენ ნეთი” ინტერნეტპროვაიდერებს ე.წ. “შუა მილზე” დაშვებას საბაზრო ღირებულებაზე 3-ჯერ უფრო ნაკლებ ფასად - ₾10.40-ად აძლევს.
ასოციაციის დირექტორი BMGTV-ის ეთერში აღნიშნავს, რომ “ოუფენ ნეთს” ამ ეტაპზე პრობლემები არ აღენიშნება. სეთურის თქმით, ინტერნეტიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც შესაბამისი ტემპით მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის დასკვნით, შესაძლოა, გეგმით გაწერილი 5000 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის 2025 წლამდე ვერ მოხერხდეს, რადგან 2023 წლის ბოლოს გეგმის მხოლოდ 34%, 800 კმ იყო აშენებული.
სამ წელიწადში 800 კმ მაგისტრალი აშენდა, დარჩენილია 4200 კმ - როგორია ინტერნეტიზაციის ტემპი?
რა უნდა გაკეთდეს ინტერნეტიზაციის პროგრამის შესრულების ეფექტიანობისთვის - აუდიტის 3 რეკომენდაცია
როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი? - აუდიტის დასკვნა