მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გაკეთდეს ინტერნეტიზაციის პროგრამის შესრულების ეფექტიანობისთვის - აუდიტის 3 რეკომენდაცია

ოუფენ ნეტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა “საყოველთაო ინტერნეტიზაციის” პროგრამის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, პროექტის ეფექტურად განხორციელებისათვის გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა.

კერძოდ, აუდიტის დასკვნით, რისკი იმისა, რომ ინტერნეტიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2025 წლისთვის, პროექტით გათვალისწინებულ ვადებში, ვერ მოესწრება, მაღალია. გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია ინტერნეტიზაციისთვის სამიზნე გეოგრაფიული არეალების შერჩევის კრიტერიუმებზე, რომლებიც მოძველებულ - 2014 წლის მონაცემთა ბაზაზეა დაფუძნებული. ხარვეზებს შორის ასევე განხილულია იმ ინდიკატორის არარსებობა, რომელიც მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომ ტარიფებს განსაზღვრავდა.

ამ დარღვევების აღმოსაფხვრელად და პროგრამის ეფექტიანობის გასაზრდელად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ა(ა)იპ “ოუფენ ნეტისთვის” სამი რეკომენდაცია შეიმუშავა.

  • ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოყოფილი რესურსების პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, მოსახლეობის ფაქტობრივი რაოდენობის დასადგენად განიხილოს ალტერნატიული საშუალებების გამოყენება (მაგალითად, გარკვეული პერიოდულობით ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებიდან განახლებული ინფორმაციის გამოთხოვა).

  • სტრატეგიით განსაზღვრული მიზნის − ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა − დასაკონკრეტებლად და პრაქტიკულ საქმიანობაში უკეთესად გასათვალისწინებლად შეიმუშაოს საქართველოს მოსახლეობისთვის ფართოზოლოვანი ინტერნეტის ფინანსური ხელმისაწვდომობის განმსაზღვრელი ინდიკატორი.

  • სამომავლოდ სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში ინტერნეტპროვაიდერების მოზიდვა-დაინტერესების მიზნით, განიხილოს ინტერნეტპროვაიდერებთან და ფართოზოლოვანი ინტერნეტის პოტენციურ მომხმარებლებთან ერთად იმ პირობების იდენტიფიცირების შესაძლებლობა (მაგალითად, მოსალოდნელი მოთხოვნა კონკრეტულ ინტერნეტპაკეტებზე, სავარაუდო ფასთა ნუსხა, მომსახურებაში ჩართვის მსურველი იურიდიული პირების რაოდენობა და ა.შ.), რომელიც ხელს შეუწყობს პროგრამის ფარგლებში შექმნილი ინფრასტრუქტურის გამოყენებას.