ინტერნეტიზაციის ხელმისაწვდომობის აუდიტის ანგარიში მიხედვით, 2025 წლისთვის ინტერნეტიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ვერ მოსწრების რისკი მაღალია. ეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროგრამასთან დაკავშირებული ანგარიშის ერთ-ერთი მიგნებაა.
საქმე ის არის, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, 2015 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ა(ა)იპ “ოუფენ ნეტი” დაფუძნდა, რომელსაც საქართველოში ინტერნეტის ფართოზოლიანი კავშირის პროექტის განხორციელება დაევალა.
პროგრამა ინტერნეტიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზებას გულისხმობს. საყოველთაო ინტერნეტიზაციისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2020 წლიდან დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა, შემდეგ კი, 2021 წლიდან, სამშენებლო სამუშაოები “Log-in Georgia”-ს ფარგლებში, IBRD-ის სესხის საფუძველზე გაგრძელდა.
პროგრამის თანახმად, 2021-2025 წლებში ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ფართოზოლოვან ინტერნეტზე და, მისი საშუალებით, ციფრულ სერვისებზე - წვდომა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ქმედითია სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის. აუდიტის შედეგად კი შემდეგი მიგნებები გამოვლინდა:
1. რისკი იმისა, რომ ინტერნეტიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2025 წლისთვის ვერ მოესწრება, მაღალია
“მსოფლიო ბანკის ინდიკატორების თანახმად, 2025 წლის ბოლოსთვის პროექტ − Log-in Georgia-ს ფარგლებში მოწყობილმა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის კაბელის საორიენტაციო სიგრძემ უნდა შეადგინოს 5000 კმ. 2022 წელს დასრულებულ და 2023 წლის მდგომარეობით არსებული სამუშაოების მოცულობა (მიმდინარე პროექტების ჩათვლით) შეადგენს 1,700 კმ-ს, რაც მისაღწევი სამიზნე მაჩვენებლის 34%-ია. იმის გათვალისწინებით, რომ 2022-2023 წლების სამუშაოები გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო შეფერხებით მიმდინარეობს და წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ვერ ესწრება, რისკი იმისა, რომ 2025 წლისათვის დაგეგმილი ღონისძიებები დროულად ვერ დასრულდება, მაღალია”, - წერია აუდიტის დასკვნაში.
2. ინტერნეტიზაციისთვის სამიზნე გეოგრაფიული არეალების შერჩევის კრიტერიუმები მოძველებულ ინფორმაციას ეყრდნობა
ინტერნეტიზაციის საქართველოსთვის შერჩეული მოდელი მოიცავს შუა მილის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც გულისხმობს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების მშენებლობას და ღია დაშვების წერტილების მოწყობას სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში, რომლის შერჩევა ხდება ორი კრიტერიუმის საშუალებით:
- თეთრი ზონები;
- მოსახლეობის რაოდენობა მეტია ან ტოლია 200-ის.
აუდიტის ინფორმაციით, მოსახლეობის რაოდენობის განსასაზღვრად გამოყენებული უნდა იყოს უახლესი საყოველთაო აღწერის შედეგები, რომელიც უკანასკნელად 2014 წელს ჩატარდა.
“შესაბამისად, სამიზნე გეოგრაფიული არეალის შერჩევის კრიტერიუმი ეყრდნობა მოძველებულ ინფორმაციას და ვერ ასახავს ფაქტობრივად არსებულ მდგომარეობას. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ რიგი დასახლებები, რომლებიც 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებით ექცეოდნენ პროგრამის ფარგლებში, ფაქტობრივი მონაცემებით აღარ შეესაბამება სამიზნე გეოგრაფიული არეალის კრიტერიუმს, რადგან მცხოვრებთა რიცხოვნობა შემცირდა და ამჟამად 200 მოსახლეზე ნაკლებია; ხოლო რიგ შემთხვევებში, მოსახლეობის არასაკმარისი რაოდენობის გამო პროგრამის ფარგლებს მიღმა დარჩენილ სოფლებში, განახლებული ინფორმაციით, მცხოვრებთა რიცხოვნობა აჭარბებს 200-ს”, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
3. პროექტის ფარგლებში, რომელიც მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ფინანსური ხელმისაწვდომის ზრდას ითვალისწინებს, ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავდა, კონკრეტულად რა ჩაითვლებოდა ხელმისაწვდომ ტარიფად, არ განსაზღვრულა
საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელის განვითარების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთ სამიზნე მაჩვენებელს საქართველოს მოსახლეობისთვის, 2025 წლის ბოლომდე, მაღალსიჩქარიანი (100 მბ/წმ და მეტი) ინტერნეტის ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. უკეთესი პრაქტიკის მიხედვით, ფინანსური ხელმისაწვდომობის ინდიკატორი, როგორც წესი, განისაზღვრება ინტერნეტის საცალო ფასისა და შინამეურნეობის/ერთი სული მოსახლის საშუალო თვიური შემოსავლის (ან მშპ-ის, მეშ-ის) თანაფარდობით.
“2021-2023 წლების მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში მოწყობილი ქსელით მოსარგებლე ოპერატორების მიერ ფიზიკური პირებისთვის შეთავაზებული საწყისი პაკეტი 15 მბ/წმ ხოლო, ყველაზე სწრაფი 30 მბ/წმ-ია და მათი ღირებულება თვეში 26 – 35 ლარს შეადგენს, რაც 2%-იან ბარიერთან საკმაოდ ახლოა; რაც შეეხება 100 მბ/წმ-იან ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტპაკეტს, მისი ღირებულება საშუალოდ თვეში 100 ლარს შეადგენს, რაც საქართველოს შინამეურნეობების საშუალო თვიური შემოსავლის 7%-ია, თუმცა შესაბამისი ინდიკატორის არარსებობის გამო, შეუძლებელია იმის შეფასება თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს აღნიშნული მონაცემი ფინანსურად ხელმისაწვდომად ქვეყნის მასშტაბით. იმის გათვალისწინებით, რომ პროგრამა ძირითადად სასოფლო ტიპის დასახლებებზეა ორიენტირებული, ხოლო მსგავს დასახლებებში საშუალო შემოსავალი ქვეყნის საშუალო შემოსავალთან შედარებით, უფრო დაბალია, ოპერატორების მიერ შეთავაზებული მაღალხარისხიანი ინტერნეტის ღირებულების პროცენტული წილი საშუალო შემოსავალთან მიმართებით უფრო გაიზრდება”, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
გარდა ამისა, ანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ აუდიტის პერიოდში ინტერნეტპროვაიდერების მხრიდან პროგრამით დაინტერესება არ იყო მაღალი. გარდა იმ ფაქტორისა, რომ პროგრამა გათვლილია კომერციულად არამიმზიდველ არეალებზე, აღნიშნული გარემოება ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ დაგეგმვის ეტაპზე სათანადოდ არ შეფასებულა პროვაიდერების საჭიროებები და არ მომხდარა იმ მინიმალური პირობების იდენტიფიცირება, რომლის შემთხვევაშიც კერძო ოპერატორები იქნებოდნენ დაინტერესებულნი მომსახურების მიწოდებით აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში. ასევე, მიუხედავად აუდიტის ობიექტების მიერ გამართული საინფორმაციო ღონისძიებებისა, აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ დასრულებული და მიმდინარე სტატუსის მქონე პროექტების ტერიტორიაზე მოქმედი ინტერნეტპროვაიდერებიდან, პროგრამის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ნაწილი ფლობს.