მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამ წელიწადში 800 კმ მაგისტრალი აშენდა, დარჩენილია 4200 კმ - როგორია ინტერნეტიზაციის ტემპი?

ინტერნეტიზაცია

ოზურგეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქობულეთი-ხელვაჩაური და სამტრედია- ჩოხატაური - ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტ Log in Georgia-ს ფარგლებში, 2020-2023 წლებში 800 კმ-ზე მეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობა უკვე დასრულდა.

პროგრამის განმახორციელებელი სახელმწიფო კომპანია „ოუფენ ნეტის“ ინფორმაციით, ქსელის მშენებლობაზე სამ წელიწადში 53 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

Log-in Georgia-ს ფარგლებში, 2025 წლის ბოლოსთვის სულ 5000 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპტიკური ქსელით დაიფარება 1000-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები, რომლითაც სარგებელი 500,000 ადამიანმა უნდა მიიღოს.

Log-in Georgia-ს ინფრასტრუქტურული ნაწილის ჯამური ბიუჯეტი 67 მლნ ევროა და პროექტი მსოფლიო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო რესურსით ხორციელდება.

„ოუფენ ნეტის“ დირექტორი მარიამ სულაბერიძე BMG-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ამჟამად, საერთო ჯამში, დასრულებული და მიმდინარე სამუშაოების მოცულობა 2 400 კმ-მდეა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი შენდება ზუგდიდში, ხობში, აბაშაში, სენაკში, წყალტუბოში, ვარციხეში, ხონში, ჭიათურაში, საჩხერეში, ზესტაფონში, ხარაგაულში, ქედასა და შუახევში.

რაც შეეხება 2024 წლის გეგმებს, წელს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი უნდა აშენდეს შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში - სულ 1200 კმ. პროგრამის წლევანდელი ბიუჯეტი 50 მლნ ლარია.

მარიამ სულაბერიძე იმედოვნებს, რომ მიუხედავად რიგორ გამოწვევებისა, რომელიც მშენებლობის პროცესს აჭიანურებს, 2025 წლის ბოლომდე 5 000 კმ მაგისტრალის აშენება მოესწრება.

“პროექტების უმეტესობა გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიდის, თუმცა როგორც ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, ჩვენს პროექტსაც გარკვეული შეფერხება ახასიათებს; ძირითადი მიზეზებია რთული რელიეფი, მეტეოროლოგიური პრობლემები, მკაცრი ზამთარი; ასევე, გამოწვევაა კვალიფიციური სამშენებლო კომპანიების სიმცირე, რომელთაც მსგავსი ინფრასტრუქტურის მშენებლობის გამოცდილება აქვთ და ეს არაა მხოლოდ საქართველოს პრობლემა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ინტერნეტიზაციის პროექტი პანდემიის პერიოდში დაიწყო, პროგრესი ხელშესახებია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შემაფერხებელი გარემოებები მინიმუმამდე დავიყვანოთ და 2025 წლის ბოლოსთვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობა დავასრულოთ “, - ამბობს მარიამ სულაბერიძე.

აღსანიშნავია, რომ “ოუფენ ნეტი“ აშენებს ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალს ე.წ. შუა ძარღვს აშენებს იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 200 და მეტი მოსახლეა და, ამავდროულად, ოპტიკური ინფრასტრუქტურით არ არის წარმოდგენილი კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორი. შემდეგ კი, უკვე კერძო სექტორს - ტელეკომოპერატორებს შეუძლიათ, „ოუფენ ნეტის“ ქსელის გამოყენებით, მოსახლეობას ინტერნეტი მიაწოდონ.

„ოუფენ ნეტში“ არ აქვთ ზუსტი სტატისტიკა, მათი ქსელის აშენების შემდეგ, კერძო ოპერატორებმა რამდენი ახალი აბონენტი დაიმატეს, მაგრამ „ოუფენ ნეტის“ დირექტორი ირწმუნება, რომ ქსელის მასშტაბის ზრდასთან ერთად, იზრდება ოპერატორების დაინტერესებაც.

„ქსელის მასშტაბის ზრდასთან ერთად, იზრდება ოპერატორების ჩართულობა; მაგალითად, თუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოების შემდეგ მხოლოდ 2 ოპერატორი იყო ჩართული ქსელში, დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა რეგიონში 7 ოპერატორზე გაცემულია სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურება 100-ზე მეტი მიმართულებით“, - აღნიშნა მარიამ სულაბერიძემ.

www.maps.opennet.ge - ეს არის „ოუფენ ნეტის“ ციფრული რუკა, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია თვალი ადევნოს პროექტების მიმდინარეობას; რუკაზე, დასრულებული და მიმდინარე სამშენებლო არეალების გარდა, ქსელის ტექნიკური მონაცემების ნახვაც არის შესაძლებელი.