მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლიდან მოსახლეობა ტყეში შეშას ვეღარ მოჭრის

609932bb8641f
ელენე გოგბერაშვილი
10.05.21 18:55
6552
„ტყითსარგებლობის ახალი წესის“ მიხედვით, 2023 წლიდან მოსახლოებას ტყეში შეშის მოჭრის უფლება აღარ ექნება და ისინი საშეშე მასალის შეძენას ე.წ „საქმიან ეზოებში“ შეძლებენ, რომლებიც მუნიციპალიტეტებში განთავსდება.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა "საქმის კურსს" განუმარტა, ტრანსპორტირების ხარჯის დაზოგვის მიზნით, სოფლის მოსახლეობას უკვე დამზადებული შეშის შეძენა უახლოესი ტყიდანაც შეეძლება, რომლის მოპოვებასა და დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ. აღნიშნული ორგანოები მოახდენენ ასევე შესაბამისი წესით ხის მერქნის დახარისხებას და "საქმიან ეზოებში" განთავსებას.

რაც შეეხება 2023 წლამდე პერიოდს, როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, კვლავ ნარჩუნდება აქამდე მოქმედი წესი ანუ საშეშე მერქნის მოპოვებას 7 კუბური მეტრის მოცულობით - ბარში, ხოლო 15 კუბური მეტრის მოცულობით მაღალ მთაში მცხოვრები ოჯახები ისევ სიმბოლური მოსაკრებლის გადახდის გზით შეძლებენ.

„2023 წლიდან ტყის ტერიტორიაზე შეშას მხოლოდ სატყეო სამსახურები დაამზადებენ და მოსახლეობას შეშის შეძენა/სარგებლობა შეეძლება ან პირდაპირი მიყიდვის წესით პირდაპირ "საქმიანი ეზოდან"  ან დამზადებულ მასალას ტყიდან წამოიღებენ ანუ 2023 წლიდან მოქალაქე ხეს აღარ ჭრის ტყეში, ვინაიდან რა, სად და როგორ უნდა მოიჭრას იცის მხოლოდ მეტყევემ და მისმა შეგირდმა. მოქალაქეს თუ სურს ტრანსპორტირების ხარჯი დაზოგოს, ის წამოიღებს დამზადებულ მერქანს ტყის კონკრეტული ადგილიდან ან იყიდის იმ მუნიციპალიტეტის საქმიან ეზოში“, - აცხადებს კარლო ამირგულაშვილი, სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

კითხვაზე - გამოიწვევს თუ არა ტყითსარგებლობის ახალი რეფორმა მოსახლეობისთვის საშეშე მასალის გაძვირებას, კარლო ამირგულაშვილმა თქვა, რომ კუბურ მეტრზე მოსაკრებლის მოცულობის გაზრდა არ იგეგმება, ხოლო მას შემდეგ, რაც შეშის ჭრა უფრო ორგანიზებული გახდება, დღეს არსებული საბაზრო ფასის გაზრდა მოსალოდნელი არაა.

„შეშაზე ფასი იზრდებოდა იმიტომ, რომ დამზადების პროცესი არაორგანიზებული იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ 5-7 კუბური მეტრისთვის მოქალაქეს უნდა ჩაესხა საწვავი მაღალი განმავლობის მანქანაში, დაექირავებინა ბენზოხერხი, მუშახელი და ა.შ. და ეს ყველაფერი ზრდიდა ფასს და მათ შორის მანძილი დასახლებულ პუნქტსა და იმ ადგილს შორის, სადაც ხე-ტყის ლეგალური დამზადება შესაძლებელი იყო. რაც უფრო ორგანიზებულად მოხდება მერქნის მოჭრა, დახარისხება და განთავსება, რა თქმა უნდა, ეს ფასზეც იმოქმედებს. ჩვენი წინასწარი შეფასებებით, არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ის ღირებულება, რასაც იხდიდა თითოეული ოჯახი, გაძვირდეს ან ისე გაძვირდეს, რომ არ იყოს ხელმისაწვდომი. განსხვავება იქნება, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტების დაბალი და მაღალტყიანობის გათვალისწინებით, რაც დამზადების და ყიდვის ღირებულებაზე აისახება", - აცხადებს კარლო ამირგულაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები