2023 წლისთვის თბილისში საინვესტიციო კომპანია Block Group-ი 25 მლნ დოლარის ინვესტიციით, საერთაშორისო ბრენდ Radisson-ის სასტუმროს გახსნას გეგმავს.
Block Group-ის სტუმარმასპინძლობის მიმართულების ხელმძღვანელის ელენე ოთარაშვილის განმარტებით, დღეისთვის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, 200-ნომრიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში 160 ადამიანის დასაქმება იგეგმება.
„Block Group-ს სტუმარმასპინძლობის მიმართულებით დიდი და საინტერესო გეგმები აქვს. კომპანიის მნიშვნელოვანი პროექტი 200-ნომრიან საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Radisson-ია, რომელიც ჭანტურიას ქუჩაზე, ალექსანდროვის ბაღთან შენდება.
შენობის თანამედროვე დიზაინი, მაქსიმალურად გამწვანებული ფასადი და გარშემო ტერიტორია საუკეთესო ტურისტულ ზონას ორგანულად ერწყმის.
ჩვენ საერთაშორისო ბრენდთან მენეჯმენტ კონტრაქტი გვაქვს და, რა თქმა უნდა, Radisson-ის გაიდლაინებით ვიმოქმედებთ. მოვახდენთ ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო კონცეფციის სასტუმროს შევქმნით“, - ამბობს ელენე ოთარაშვილი.
Block Group-ის ჰოსპიტალიტი მიმართულების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ Radisson-ს ბევრი ქვებრენდი აქვს, თუმცა ამ კონკრეტული ბრენდის ხელწერა სკანდინავიური ცხოვრების წესი და დიზაინია.
„ეს გულისხმობს სრულყოფილ ბალანსს და ჰარმონიას ყველაფერში, სტუმრის მაქსიმალურ კმაყოფილებას. ჩვენი სასტუმროს მულტიფუნქციური გარემო, ოთახების დახვეწილი დიზაინი, კონცეპტუალური რესტორნები, საუკეთესო მომსახურება და კომფორტი ამ ყველაფრის წინაპირობა იქნება“, - აღნიშნავს ოთარაშვილი.