2024 წელს საქართველოში კრიპტოვალუტების მაინინგის სექტორი მკვეთრად გაიზარდა. ვირტუალური ფულის გამომუშავება რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნასთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ საკმაოდ ენერგოტევადი პროცესია. როგორც სემეკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, ამ სფეროში მოქმედმა კომპანიებმა გასულ წელს უფრო მეტი დენი მოიხმარეს, ვიდრე ქვეყანაში ფოლადის საწარმოებმა. კრიპტოვალუტების მაინინგით დაკავებული კომპანიების მოხმარება საქართველოს რკინიგზის მოხმარებასაც აღემატებოდა.
2024 წელს ამ კომპანიებმა ჯამში 465 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც წლიურად 6-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული კომპანიები ძირითადად თბილისისა და ქუთაისის თიზ-ებში არიან რეგისტრირებული, რადგან აღნიშნულ ზონებში ელექტროენერგიის მიწოდება დღგ-ს გადასახადისგან არის გათავისუფლებული.
ამასთან, 2024 წელსვე რეკორდულად გაიზარდა საქართველოში სასერვერო აპარატურის იმპორტი (სასაქონლო კოდი 847150), რამაც 115 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს კი ქვეყანაში მაინინგ დატა ცენტრების განვითარების მხრივ მსხვილ შემომავალ ინვესტიციებზე მეტყველებს, რადგანაც ბოლო 5 წელში სასერვერო აპარატურის იმპორტი საშუალოდ 30 მილიონი დოლარი იყო.
უცნობია რა წილი მოდის მთლიან იმპორტში უშუალოდ კრიპტო მაინინგის სერვერებზე, თუმცა ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი ზრდის გათვალისწინებით, სერვერების შესყიდვა სწორედ ამ მიზნით განხორციელდა.




























