გასულ წელს დედამიწაზე საშუალო ტემპერატურამ რეკორდულ მაქსიმუმს კიდევ ერთხელ, უკვე მეორედ მიაღწია. NBC News-ის ინფორმაციით, რომელიც NASA-სა და აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) კვლევის შედეგებს ეყრდნობა, 2024 წელი რეკორდულად ცხელი იყო იმ პერიოდში, როცა საერთაშორისო სააგენტოებმა მონაცემების შეგროვება დაიწყეს, შესაბამისად, მინიმუმ, 1880 წლიდან.
მანამდე კი რეკორდული წელი 2023 იყო. NOAA-ს ცნობით, გასულ წელს ხმელეთისა და ოკეანეების საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 2/10 გრადუსი ფარენჰეიტით აღემატებოდა 2023 წლის რეკორდს. ზედიზედ ორი რეკორდული წელი კი გლობალური დათბობის ტრაექტორიის შენარჩუნებაზე მიუთითებს, რაზეც მეცნიერები, წლებია, საუბრობენ.
"რეკორდულ ტემპერატურისა და კალიფორნიაში ამჟამად არსებული ხანძრების ფონზე, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, პლანეტის ცვლილებები გვესმოდეს",- განაცხადა NASA-ს ადმინისტრატორმა, ბილ ნელსონმა.
NASA-ს გამოთვლებით, 2024 წელს დედამიწის საშუალო ტემპერატურა 2.65 გრადუსი ფარენჰეიტით აღემატებოდა მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდის საშუალო მაჩვენებლებს.
კონტინენტების მიხედვით, რეკორდული წელი იყო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკისთვის, ევროპისა და აფრიკისთვის, აზიასა და არქტიკაში კი რეკორდულ წოდებას კვლავ 2023 წელი ინარჩუნებს. 2024 წელს თბური ტალღების მომრავლებას ხელი შეუწყო ელ-ნინიოს ფენომენმა, რაც წყნარ ოკეანეში უჩვეულოდ თბილი დინებით აიხსნება.