საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლიდანაც ირკვევა თუ რა მოცულობის თანხას უხდის სახელმწიფო კომპანია იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც პრიორიტეტული მიმართულებებით ასრულებენ რეისებს. აღნიშნულ დაფინანსებას მიმართულების განვითარებისა და მარკეტინგის ხარჯები ეწოდება და ის ავიაკომპანიების მიერ შესრულებულ რეისებსა და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე არის მიბმული. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის აეროპორტში რეისების უდიდესი ნაწილი სწორედ Wizz Air-ის მიერ სრულდება, დაფინანსების ყველაზე დიდი ნაწილს სავარაუდოდ სწორედ ის იღებს.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წელს ამ მიმართულებით აეროპორტების გაერთიანებამ საკუთარი შემოსავლებიდან 12.7 მილიონი ლარი გადაუხადა, რაც 2023 წლის მარკეტინგულ ბიუჯეტზე 42 ათასი ლარით მეტი იყო.
Wizz Air-ი გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით საქართველოს #1 ავიაკომპანიაა, 2024 წელს ის საქართველოში 1,259,069 მგზავრს მოემსახურა.
მთავრობის მიერ არის განსაზღვრული აეროპორტების გაერთიანების მიერ მიმართულების მარკეტინგის სერვისის შესყიდვის პირობები. დოკუმენტის თანახმად, ავიაკომპანიის მიერ აეროპორტების გაერთიანებისგან მისაღები მხარდაჭერა გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე არის მიბმული, თუმცა ის წლიურად ერთ ავიაკომპანიაზე არაუმეტეს 4 მილიონი ევროთი განისაზღვრება.
საქართველოდან ევროპის მიმართულებით ავიარეისების მხარდაჭერის პროგრამას "აეროპორტების გაერთიანება" მიმართულებების მარკეტინგისა და განვითარების ხარჯებს უწოდებს და ის საქართველოდან ფრენების სიხშირისა მგზავრთა ნაკადის ზრდას ისახავს მიზნად.




























