Pegasus-მა ქუთაისის აეროპორტიდან მაისის თვეში ფრენები გააუქმა. ინფორმაციას კომპანია GASA ავრცელებს, რომელიც თურქული ბიუჯეტური ავიაკომპანიის სავაჭრო აგენტია საქართველოში.
GASA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამ დროისთვის რაიმე ტიპის შეფერხება ან ოპერირების შეწყვეტა არ ფიქსირდება, შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ავიაკომპანიის მიერ ქუთაისის აეროპორტში ოპერირების შეჩერების შესახებ არ დასტურდება.
რაც შეეხება მაისის თვეში ფრენების გაუქმებას, აღნიშნული ცვლილება უკავშირდება საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებულ საოპერაციო გადაწყვეტილებას და წარმოადგენს განრიგის ოპტიმიზაციას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ცვლილებები არ უკავშირდება ქუთაისის მიმართულებით ოპერირების შეწყვეტას.
"ამასთან, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, აღნიშნული მიზეზით ფრენების კორექტირება არ შეხებია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს.
რეისების გაუქმება წარმოადგენს მიმდინარე ოპერაციულ კორექტირებას და არ არსებობს დასტური იმისა, რომ ეს დაკავშირებულია საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიის ოპერირების შემცირებასთან ან გრძელვადიან ცვლილებებთან.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Pegasus Airlines აგრძელებს განვითარებას საქართველოს ბაზარზე და ზრდის ფრენების სიხშირეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ავიაკომპანიის სტრატეგიულ ინტერესს ქვეყნის მიმართ", - წერია განცხადებაში.
BMG-მ GASA-ს ჰკითხა ივნისიდან თუ გაგრძელდება ქუთაისიდან რეისების შესრულება, რაზეც კომპანიაში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის ივნისის თვეში არანაირი ცვლილება არ არის დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ ირანში ომმა საავიაციო საწვავზე ფასი გააორმაგა. საწვავს ავიაკომპანიებს საოპერაციო ხარჯებში ყველაზე დიდი წილი აქვთ, რის გამოც საერთაშორისო კომპანიები სხვადასხვა მიმართულებით რეისებს ამცირებენ ან აუქმებენ.




























