მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს "ანაგის" შემოსავალმა 616 მილიონ ლარს გადააჭარბა

მშენებლობა უძრავი ქონება

საქართველოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა სამშენებლო-საინჟინრო კომპანია "ანაგმა" 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ჯგუფის შემოსავლები წლის განმავლობაში 49%-ით გაიზარდა და 616.1 მილიონ ლარს მიაღწია. 2023 წელს კომპანიის შემოსავალი 412.6 მილიონი ლარი იყო.

აუდიტორული კომპანია „დელოიტის“ მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს გაუმჯობესდა "ანაგის" წმინდა მოგებაც - 2024 წელს „ანაგის“ წმინდა მოგებამ 29.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის 19.9 მილიონთან შედარებით თითქმის 50%-ით მეტია.

მოგების ზრდა ძირითადად გამოწვეულია სამშენებლო კონტრაქტებიდან მიღებული შემოსავლების მატებით. „ანაგის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია საცხოვრებელი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრების, სპორტული ინფრასტრუქტურის, საავიაციო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელება და ინდუსტრიული შენობების მშენებლობა, ასევე სამშენებლო პროექტების მენეჯმენტი, დიზაინი და სარემონტო სამუშაოები.

ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების თვითღირებულება 555.8 მილიონ ლარს აღწევდა, ხოლო მთლიანი მოგება 60.3 მილიონი ლარი იყო. ადმინისტრაციულმა ხარჯებმა 22.4 მილიონი ლარი შეადგინა, ფინანსურმა შემოსავალმა - 5.3 მილიონი ლარი, ხოლო ფინანსურმა ხარჯებმა - 1.3 მილიონი ლარი.

„ანაგის ჯგუფის“ აქტივები 2024 წლის ბოლოს 547.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა (2023 წელი - 503 მილიონი ლარი). ჯგუფის საკუთარი კაპიტალი კი 130.9 მილიონ ლარს უტოლდებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით მეტია.

კომპანია ამჟამად 2,600-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და ფლობს რამდენიმე შვილობილ კომპანიას, მათ შორის „ანაგი ბეტონს“, „ანაგი მექანიზაციას“, „ანაგი ბათუმს“ და სხვებს.

„ანაგი“ ახორციელებს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებს - მათ შორისაა „ჯარის ქალაქის“, „პოლიციის ქალაქის“ და დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა თბილისსა და ქუთაისში. ასევე, კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ახალ ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს აშენებს, რომლის საკონტრაქტო ღირებულებაც 240 მილიონ ლარს შეადგენს.

კომპანია ასევე მონაწილეობს მსხვილ დეველოპერულ პროექტებში, მათ შორის „m²“-ის, „არქის“, „სითიზენის" და სხვა პარტნიორ კომპანიების პროექტებში.

კომპანია განვითარებისთვის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის მხრივ გააქტიურებას გეგმავს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ "ანაგმა" საკუთარი წინადადება წარადგინა ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობის ტენდერში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, კომპანიის წინადადება 70,000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის 850 მილიონ ლარად მშენებლობას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები