ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ წელს ტროპიკული ციკლონის განსაკუთრებულად აქტიური სეზონისთვის მოემზადონ. კოლორადოს შტატის უნივერსიტეტის მკვლევრები აშშ-ში 2024 წელს ციკლონის 11 შემთხვევას პროგნოზირებენ, რაც ატლანტის ოკეანის ტემპერატურის ზრდითა და “ელ-ნინიოს” ფენომენითაა განპირობებული. კვლევის თანახმად, აღნიშნული პროგნოზი რეკორდულია მას შემდეგ, რაც 1995 წლიდან ექსპერტებმა “აპრილის პროგნოზის” გამოქვეყნება დაიწყეს.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით დაუზუსტებელია, როგორ წარიმართება მოვლენები, თუმცა სანაპირო ქალაქებსა და კარიბის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
Euronews-ი განმარტავს, რომ ატლანტის ოკეანეში ციკლონების აქტიური სეზონი 1 ივნისიდან 30 ნოემბრამდე გრძელდება, რაც ორი მთავარი ფაქტორითაა განპირობებული.
პირველი ტროპიკული და სუბტროპიკული ატლანტის ოკეანის ზედაპირის რეკორდულად თბილი ტემპერატურაა, რადგან ციკლონთა მთავარი მაპროვოცირებელი სწორედ ოკეანის თბობაა, რასაც დაბალი ატმოსფერული წნევაც ემატება.
მეორე ფაქტორი კი “ელ-ნინიოს” კლიმატის სეზონური ფენომენია. კვლევის თანახმად, “ელ-ნინიოს” ეფექტი ყველაზე მწვავედ აგვისტოდან ოქტომბრამდე გამოჩნდება.
გარდა ტროპიკული ციკლონებისა, მიმდინარე სეზონზე აშშ-ში 23 დასახელების შტორმს პროგნოზირებენ, საიდანაც 11 ციკლონად გადაიქცევა. შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, 1878, 1926, 1998, 2010 და 2020 წლებში ციკლონური სეზონი ანალოგიური აქტივობით გამოირჩეოდა.
კვლევის თანახმად, 2024 წელს ციკლონთა აქტივობა 1991-2020 წლის საშუალოსთან შედარებით, 170%-ით უფრო აქტიური იქნება.