საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 197 (3-ით მეტი 2023 წელთან შედარებით) ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა. მათი 35.5% თბილისშია განთავსებული, 17% კი იმერეთში. ქვეყანაში მოქმედი ბაზრები და ბაზრობები თითქმის სრულად (96%) კერძო საკუთრებაშია.
ქვეყანაში მოქმედ ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 47 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც მოვაჭრეთა საშუალო დღიური რაოდენობა 36.5 ათასია.
2024 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 2.7 ათასი იყო, მათგან 32.4% - ქალი. ამასთან, დასაქმებულთა 47% თბილისზე მოდის.
2024 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების შემოსავლებმა 194.4 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 12 მილიონი ლარი (6%) ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავალი იყო, 167.6 მილიონი ლარი (86%) – სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო 14.8 მლნ ლარი (7.6%) – სხვა შემოსავალი. 2023 წელთან შედარებით ბაზრობების შემოსავლები თითქმის 10%-ით არის გაზრდილი.
ამავე პერიოდში ბაზრებისა და ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 115.2 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც დასაქმებულ პერსონალზე გაცემული შრომის ანაზღაურება იყო 48.7 მილიონი ლარი.




























