2024 წელს, თბილისში, "ელემენტ ჰოლდინგი" კადრების გადამზადების ცენტრს გახსნის. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას "ელემენტ ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა ზაქრო ებელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ცენტრის გახსნის მთავარი მიზეზი სამშენებლო სექტორში დეფიციტური კადრები გახდა.
როგორც ზაქრო ებელაშვილი განმარტავს, აღნიშნული ცენტრი იქნება მომზადება-გადამზადების მიმართულება და არა კოლეჯის ტიპის. ცენტრში არსებული პროგრამები კი სრულად სამშენებლო მიმართულებაზე იქნება ორიენტირებული.
კითხვაზე, ვისთვის გამოზრდის კადრებს "ელემენტ ჰოლდინგი", მან უპასუხა, რომ ჰოლდინგი იმდენი ადამიანის დასაქმებას ვერ შეძლებს, რამდენსაც გადაამზადებს, ამიტომ აღნიშნულ ცენტრში კადრები მთელი სამშენებლო სექტორისთვის მომზადდება.
„"ელემენტ ჰოლდინგის" ორიენტირი, ძირითადად, კერძო სექტორზეა, ჩვენი გამოწვევა კი ადამიანური რესურსი და მათი კვალიფიციურობაა. 2022 წელს სამშენებლო სექტორში ადამიანური რესურსების კვლევა ჩავატარეთ და მისი შედეგების გაანალიზების შემდეგ და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მზარდი სამშენებლო სექტორია, გადავწყვიტეთ სწრაფად გვეპასუხა გამოწვევისთვის და 2024 წელს მომზადება გადამზადების ცენტრს გავხსნით, რომელშიც USAID-თან ერთად ვპარტნიორობთ. ამ საკითხზე თვის ბოლოს პროექტის პრეზენტაცია იქნება“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება სამშენებლო სექტორში სახელფასო ბიუჯეტს, ზაქრო ებელაშვილმა თქვა, რომ დასაქმებულთა თვიური ანაზღაურების კოეფიციენტი, გასულ წელთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ანაზღაურებას თითქმის გაუტოლდა. „ანაზღაურება ჩვენთან პოზიციურად ძალიან განსხვავებულია, გამომუშავებაზეა, მაგრამ ეს გამომუშავების კოეფიციენტი, წინა წლის სახელფასო ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით 40%-ით გავზარდეთ“, - ამბობს იგი.
ზაქრო ებელაშვილმა ასევე ევროპის ბაზარზე პოზიციონირებასა და პერსპექტივებზეც ისაუბრა. იგი თვლის, რომ საქართველოში სამშენებლო სექტორი ჯერ-ჯერობით ევროპის ბაზრის ასათვისებლად მზად არ არის, რადგან ჯერ ის სტანდარტებია ასათვისებელი, რა სტანდარტებითაც ევროპა შენდება. „ეს სტანდარტები ევროპელებისგან უნდა ვისწავლოთ და შემდეგ შევთავაზოთ ევროპელ კერძო სექტორს ჩვენი სერვისები. ამ ეტაპზე ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე ვართ ორიენტირებული“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ,,ოლ-პი ჯგუფი“ უზბეკეთის ბაზარზე გავიდა. “ოლ-პი ჯგუფი“ ქართული სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წარმომადგენლის ,,ელემენტ ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა. ოლ-პი უზბეკეთი“ ადგილობრივ კომპანიასთან ,,ბელტერა ჰოლდინგი“ პარტნიორობით დაფუძნდა. „ელემენტ ჰოლდინგი“ დღეისათვის, სამშენებლო სექტორის 10 შვილობილ კომპანიას აერთიანებს.