2026 წლის სექტემბერში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი (CCI) წინა თვესთან შედარებით 2.3%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.0%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქსტატის თანახმად, ინდექსის თვიური ზრდა უმეტესწილად მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 7.3%-იანმა მატებამ განაპირობა, რამაც ჯამურ ინდექსში 1.45 პროცენტული პუნქტი წვლილი შეიტანა. გარდა ამისა, 4.8%-ით გაიზარდა ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯები.
რაც შეეხება წლიურ ზრდას, მშენებლობის გაძვირებაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის კატეგორიის 25.9%-იანმა მკვეთრმა მატებამ და ხელფასების 5.4%-იანმა ზრდამ.
ფასების დინამიკა კომპონენტების მიხედვით (წლიური):
- ტრანსპორტირება, საწვავი და ელექტროენერგია: +25.9%;
- სხვა ხარჯები: +5.6%;
- ხელფასები: +5.4%;
- მანქანა-დანადგარები: +5.0%;
- სამშენებლო მასალები: +1.0%.
როგორ შეიცვალა ღირებულება მშენებლობის სეგმენტების მიხედვით?
წლიურ ჭრილში მშენებლობის გაძვირება ყველაზე მკვეთრად არასაცხოვრებელ და საინჟინრო/სამოქალაქო სექტორს შეეხო:
- არასაცხოვრებელი სეგმენტი: გაიზარდა 10.2%-ით (წინა თვესთან შედარებით +5.9%);
- სამოქალაქო მშენებლობა: გაიზარდა 9.4%-ით (წინა თვესთან შედარებით +2.3%);
- საცხოვრებელი სეგმენტი: გაიზარდა 0.7%-ით (წინა თვესთან შედარებით +0.8%).
საქსტატის მონაცემებით, გრძელვადიან პერიოდში მშენებლობის თვითღირებულება მკვეთრად გაიზარდა: 2022 წლის თებერვალთან შედარებით, 2026 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 32.2%-ით არის გაზრდილი.
2024 წლის დასაწყისში ინდექსის ზრდა 2022 წლის თებერვალთან შედარებით 12.2–15.1%-ის ფარგლებში მერყეობდა, 2025 წლის მიწურულს მან 29.2%-ს მიაღწია, ხოლო 2026 წლის სექტემბერში ისტორიულ მაქსიმუმს – 32.2%-ს გაუთანაბრდა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქსტატმა მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშება 2022 წელს დაიწყო, რომელიც წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობების ასაშენებლად საჭირო სამშენებლო მასალებისა და მომსახურებების ფასების დონის საშუალო მაჩვენებელს, საბაზო პერიოდთან შედარებით. აღნიშნული ინდექსი წარმოადგენს მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ ინდიკატორს, რომელიც აუცილებელია ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ასევე სამშენებლო სექტორში დაგეგმვის და გადაწყვეტილების მისაღებად.
























