მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს, გუდაური მსოფლიო თასს გაუმართავი კანალიზაციის სისტემითა და არ არსებული საფეხმავლო ბილიკით ხვდება - Quadrum

GUDAURI

2024 წლის ზამთრის სეზონზე, გუდაურში 3-4 თებერვალს სნოუბორდ კროსში მსოფლიო თასი ჩატარდება.

როგორც გუდაურში მდებარე სასტუმრო Quadrum-ის ხელმძღვანელი, ირაკლი ერისთავი BM.GE-სთან ამბობს, ჩემპიონატს გუდაური მრავალი გამოწვევით ხვდება, რომელიც წლების განმავლობაში არ გამოსწორებულა. მისი ინფორმაციით, დღემდე მოუგვარებელია კანალიზაციის სისტემა და საფეხმავლო ბილიკი, რომელიც რეგიონში არ არსებობს.

„რა თქმა უნდა, ჩემპიონატების ჩატარება რეგიონში ტურისტული ნაკადების შემოდინებას ხელს შეუწყობს. თუმცა, კანალიზაციისა და ნარჩენების პრობლემები, ამასთან საფეხმავლო ბილიკის პრობლემა კვლავ არსებობს. რამდენიმე სასტუმრო გავერთიანდით, რათა ეს პრობლემა აღმოფხვრილიყო. თუმცა, როგორც გვითხრეს, წელს ამ პრობლემის გადაჭრა არ მოხდება.

პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ კანალიზაციის მილები ჩაყრილია, თუმცა მილები არ არის დაერთებული ერთმანეთზე. იმისდა მიუხედავად, რომ წყლის გადასახადს ვიხდით, რომლის 70% კანალიზაციის გადასახადია.

ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემაა საფეხმავლო ბილიკის არ არსებობა, რომელიც კვლავ რეგიონისთვის გამოწვევაა. ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ ფეხით გაისეირნონ, შესაბამისად მანქანით გადაადგილება უწევთ“, - აცხადებს ერისთავი.

რაც შეეხება მიმდინარე წლის ზამთრის სეზონს, სასტუმროს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პანდემიის შემდეგ მიმდინარე წელი პირველია, როდესაც აქტიური დატვირთვით მუშაობენ. საახალწლოდ, 3 იანვრამდე, სასტუმრო 100%-ით დატვირთულია.

ერისთავის ინფორმაციით, მათი სტუმრების 85% უცხოელი სტუმრები არიან. მათ შორის, სტუმრობენ ისრაელიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ქართველი სტუმრების არ არსებობა კი, იმითაა გამოწვეული, რომ კურორტი ქალაქთან ახლოსაა და მომხმარებლები მხოლოდ სასრიალოდ ამოდიან ან ადგილზევე აქვთ სახლი, სადაც დარჩენას ამჯობინებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები