გუდაურში ტურისტული ნაკადი შენარჩუნებულია, თუმცა სასტუმროების შემოსავალზე სტუმრების ხარჯვის ცვლილება აისახება. როგორც გუდაურში მდებარე სასტუმრო Quadrum-ის ხელმძღვანელი ირაკლი ერისთავი BM.GE-სთან ამბობს, ბოლო პერიოდში კურორტზე უფრო მეტად ჯგუფური ტურები ჭარბობს, რომელთა სტუმრებიც სასტუმროს ფარგლებს გარეთ ნაკლებად ხარჯავენ.
„ადრე უფრო გადამხდელი ისეთი ხალხი ჩამოდიოდა. ახლა უფრო ჯგუფები ჩამოდიან ძირითადად. ადრე რომ უფრო ეტყობოდა ხოლმე, რამდენი გვაქვს Food and Beverage [კვებისა და სასმლის მიმართულებით] რესტორანში, ფაქტობრივად, ამ თვალსაზრისით ძალიან ცუდი სიტუაციაა. ტურისტები არიან, რომლებიც ნომრებში სხედან, ან იქვე ჭამენ, ან რაღაცას მაღაზიაში ყიდულობენ და ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენზეც”, - ამბობს ირაკლი ერისთავი.
მისი თქმით, ზაფხულის პერიოდში Quadrum-ის სტუმრებს შორის ძირითადად ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან და სხვა რუსულენოვანი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები იყვნენ, ევროპელი სტუმრების წილი კი დაახლოებით 5%-ს შეადგენდა.
სასტუმროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიმდინარე სეზონზე დატვირთულობა დაახლოებით 30%-ის ფარგლებშია. მისი ინფორმაციით, საახალწლო პერიოდის წინასწარი ჯავშნები კი უკვე 50-60%-ით არის შევსებული და ჯავშნების ძირითადი ნაწილი უცხოელ სტუმრებზე მოდის.
ერისთავი გუდაურის ზაფხულის სეზონზე ინფრასტრუქტურისა და მარკეტინგის პრობლემებზეც საუბრობს. მისი შეფასებით, რეგიონს მეტი საფეხმავლო ინფრასტრუქტურა და ზაფხულში მოქმედი ტურისტული აქტივობები სჭირდება, მათ შორის სამთო ველოსიპედის ბილიკების სრულად ამოქმედება, რაც, მისი თქმით, ევროპელი ტურისტების მოსაზიდად მნიშვნელოვანი მიმართულება შეიძლება იყოს.
„რა თქმა უნდა, [კურორტს] აკლია მარკეტინგი. ყოველ წელს მაგაზეა ლაპარაკი, რომ გუდაურში არ არის საფეხმავლო ტროტუარი, როცა არ შეგიძლია ფეხით ისე იარო და მიხვიდე იქით-აქეთ. ზაფხულში უნდა ფუნქციონირებდეს რაღაცები და არ ფუნქციონირებს“, - ამბობს ის.
რაც შეეხება სასტუმროს გაფართოებას, Quadrum-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანიას ახალი ნომრების დამატება სურს. სასტუმროს ამჟამად 22 ნომერი აქვს და სამომავლოდ კიდევ 10-20 ნომრის დამატებას გეგმავს, თუმცა კონკრეტული ვადები ამ ეტაპზე არ არის ცნობილი.
























