მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MTA-მ გუდაურის გათოვლიანების სისტემისთვის პოლონურ SUPERSNOW-თან €5.2 მილიონის კონტრაქტი გააფორმა

გათოვლიანება SUPERSNOW

შპს „მთის ტრასების სააგენტომ“ (MTA) გუდაურის სათხილამურო კურორტზე ხელოვნური გათოვლიანების ახალი სისტემის მოწყობისთვის პოლონურ კომპანია SUPERSNOW S.A.-სთან 5.2 მლნ ევროს ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება 2026 წლის 17 სექტემბრით თარიღდება.

შესყიდვა ვარცლას მთაზე, სოლიკოსა და კიკილოს სათხილამურო ტრასებზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულ მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის საერთო სიგრძე დაახლოებით 7.5 კილომეტრია, მათ შორის სოლიკოს ტრასა დაახლოებით 3.7 კილომეტრს, კიკილოს ტრასა კი 3.8 კილომეტრს მოიცავს. სამუშაოები „გასაღების ჩაბარების“ პრინციპით განხორციელდება და მოიცავს ტერიტორიის კვლევას, პროექტირებას, აღჭურვილობის წარმოებასა და მიწოდებას, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს, ტესტირებას, ექსპლუატაციაში გაშვებასა და პერსონალის სწავლებას.

ხელშეკრულების მიხედვით, იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების ღირებულება 5,198,965 ევროა, დღგ-ის გარეშე. ამასთან, საქართველოში შესასრულებელი ადგილობრივი სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 3 მლნ ლარს, დღგ-ის ჩათვლით, შეადგენს.

ხელშეკრულების პირობებით, 30%-იანი ავანსის სახით MTA გადაიხდის 1,359,689.50 ევროსა და 1.5 მლნ ლარს, ხოლო დარჩენილი 70% - 3,839,275.50 ევრო და 1.5 მლნ ლარი - საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, არაუგვიანეს 2027 წლის 31 მარტისა.

სისტემის მზადყოფნა ხელშეკრულებით 2026 წლის 1 დეკემბრამდეა განსაზღვრული, საბოლოო ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება კი 15 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ტექნიკური დავალების მიხედვით, სისტემა გათვლილია -25°C-დან +1.5°C-მდე სამუშაო ტემპერატურაზე და სრული დაფარვა 120 სამუშაო საათში უნდა უზრუნველყოს -4°C სველი თერმომეტრის ტემპერატურის პირობებში. სისტემის შემადგენლობაში არაუმეტეს 15% თოვლის შუბები, ხოლო არანაკლებ 85% თოვლის ფენი, ანუ ე.წ. თოვლის ზარბაზნები უნდა იყოს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 60 ცალი 900H ტიპის თოვლის ზარბაზნის ST170 შტანგაზე და 15 ცალი 900T ტიპის ზარბაზნის კომპაქტურ ჭებში მონტაჟი. ასევე უნდა მოეწყოს 75 ჰიდრანტის ჭა, მაღალი წნევის ტუმბოს სადგური საათში 183 კუბური მეტრის წარმადობითა და 315 კვტ სიმძლავრით, ცენტრალური ჰაერის კომპრესორი, ელექტრო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ქსელები და ავტომატიზაციისა და მართვის პროგრამული უზრუნველყოფა Snowmatic.

ხელშეკრულება პროგრამული უზრუნველყოფის 5-წლიან უფასო განახლებასაც ითვალისწინებს. მიმწოდებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს MTA-ს 8 თანამშრომლის თეორიული და პრაქტიკული სწავლება, ჯამში არანაკლებ 20 დღის განმავლობაში.

SUPERSNOW S.A.-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 5%-იანი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარდგენა ევალება. სისტემაზე ხარისხის გარანტიის ვადა 2 წელია ექსპლუატაციაში მიღებიდან. ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ს შეადგენს თითოეულ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები