ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ მთის კურორტებზე საბაგიროების აბონემენტების გაზრდილი ტარიფები სახელმწიფო კომპანიის მიმდინარე ხარჯების დაფარვასა და სერვისის ხარისხის შენარჩუნებას ემსახურება. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაზრდილი ტარიფების შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ხუციშვილის განმარტებით, მთის კურორტებზე სახელმწიფო ინვესტიციებს ახორციელებს, თუმცა ეს კაპიტალური ხარჯები ტარიფში არ აისახება.
"მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა გასულ წელს, ხორციელდება მიმდინარე წელსაც და ასევე არის დაგეგმილი მომდევნო წლის ბიუჯეტში. ეს ძირითადად არის, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული პროექტები. თუმცა მთის კურორტების კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზარალიანი კომპანია არ იყოს. ამ ინვესტიციას აკეთებს სახელმწიფო და ეს ტარიფში არ არის ასახული, ტარიფში ასახულია მხოლოდ ის მიმდინარე ხარჯები, რომელიც სჭირდება კომპანიას. მიმდინარე ხარჯს შემოსავლები აუცილებლად უნდა ფარავდეს იმისთვის, რომ შევძლოთ, შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ ხარისხი მთის კურორტებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის, იმისთვის, რომ იმ თანხაში, რასაც ისინი გადაიხდიან, მიიღონ შესაბამისი სერვისი",- ამბობს მინისტრი.
კითხვას, რამდენად შესაძლებელია „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) დაფინანსების გაზრდა იმ მიმართულებით, რომ სერვისი ქართველებისთვის შედარებით ხელმისაწვდომ ფასად იყოს შეთავაზებული, მინისტრი ასე პასუხობს:
"თუ საუბარია კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებზე, მათთან მიმართებით შესაძლებელია ცვლილებების განხილვა იმის მიხედვით, თუ რამდენად მტკივნეულად აისახა მათზე ახალი საფასო პოლიტიკა".
2026-2027 წლების სეზონზე საქართველოს მთის კურორტებზე საბაგიროების აბონემენტები ძვირდება.
მაგალითისთვის, გუდაურში ერთი დღის ულიმიტო აბონემენტი როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელებისთვის გასულ სეზონზე 70 ლარი ღირდა, ამ სეზონზე კი ქართველებისთვის - 90 ლარი, უცხოელებისთვის კი 120 ლარი ეღირება. სეზონური აბონემენტი ოთხივე კურორტზე 650-დან 1000 ლარამდე გაძვირდება. ბავშვების შემთხვევაში ის 500 ლარი ეღირება, ნაცვლად გასულ წელს არსებული 325 ლარისა.
























