ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის ტრასების სააგენტომ" (MTA) და ფრანგულმა კომპანიამ Grand Massif Domaines Skiables (GMDS) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. შეთანხმება საქართველოსა და საფრანგეთის სამთო კურორტებს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
მემორანდუმს ხელი საფრანგეთის საელჩოში "მთის ტრასების სააგენტოს" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ და Grand Massif-ის გენერალურმა დირექტორმა ფრედერიკ მარიონმა მოაწერეს.
თანამშრომლობა მოიცავს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა:
- კურორტების მართვა და ტექნიკური ოპერაციები;
- უსაფრთხოების სტანდარტები;
- მარკეტინგი და კომერციული საქმიანობა.
პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი სამუშაო და სასწავლო ვიზიტები, პროფესიული შეხვედრები და კადრების გადამზადება, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვასა და საქართველოს სამთო კურორტების მართვის ეფექტიანობის გაზრდას.
"ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმია, რომელიც ითვალისწინებს ბევრ საინტერესო ინიციატივას. ეს ჩარჩო მოიცავს როგორც ტექნიკურ თანამშრომლობას, ასევე ტურისტებისა და მგზავრების მიმოცვლას. საინტერესო იქნება ჩვენთვის ფრანგი ტურისტების მიღება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საინტერესო იქნება საფრანგეთში ვიზიტი, "გრან მასიფის" კურორტებზე სრიალი. ამ მემორანდუმის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ჩვენი თანამშრომლების გაცვლითი პროგრამები", - განაცხადა ლევან დარსალიამ.
ცნობისთვის, Grand Massif საფრანგეთის ალპების ერთ-ერთი უდიდესი სამთო-სათხილამურო არეალია, რომელიც 5 კურორტს აერთიანებს: Flaine, Les Carroz, Morillon, Samoëns და Sixt.
"მთის ტრასების სააგენტო" (MTA) კი საქართველოში 4 ძირითად სამთო კურორტს მართავს და ავითარებს: გუდაურს (კობისა და გუდაურის არეალები), ბაკურიანს (დიდველის, კოხტასა და მიტარბის არეალები), მესტიას (ჰაწვალისა და თეთნულდის არეალები) და გოდერძის.
























