გუდაურში სასტუმროების ფასები გასულ წელთან შედარებით 10-15%-ით გაიზარდა. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ფასების ზრდა საოპერაციო ხარჯების მატებას უკავშირდება და არა სასტუმროების მოგებიანობის გაზრდას.
მურაჩაშვილი ზამთრის სეზონზე ტურისტების რაოდენობის ზრდასაც ელოდება. მისივე ინფორმაციით, ჯავშნების მიმართ ინტერესი უკვე შეინიშნება, ხოლო დეკემბრის დასაწყისიდან უფრო აქტიურ და წინასწარ გადახდილ ჯავშნებს ელოდებიან.
„რასაც ვუყურებ ჩემს კონკურენტების გამოტანილ ფასებსაც, მატება დაფიქსირდა დაახლოებით 10-15%-ით, რიგ შემთხვევებში მეტიც. ეს პირდაპირ უკავშირდება გაძვირებულ საწვავს, გაძვირებულ საკვებ პროდუქტებს და ასევე გაძვირებულ ცხოვრების წესს და გაზრდილ ხელფასებს. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიტყვი, რომ რამეში ეს მოგებიანობის კუთხით გავაკეთეთ სასტუმროში, მაგრამ ეს მინიმუმ იმიტომ გავაკეთეთ, რომ ხარჯებს კარგად გავუმკლავდეთ“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.
ჰოტელიერის შეფასებით, გუდაურში ტურისტების დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. მისივე თქმით, 2025 წლის სეზონი, მარტში შექმნილი გარე ფაქტორებით გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად, სასტუმროებისთვის კარგი იყო. მიმდინარე სეზონზეც პოზიტიური მოლოდინები აქვს, რასაც ჯავშნების დინამიკაც განაპირობებს.
"იმდენად მზარდია ყოველწლიურად გუდაურში დამსვენებელი, რომ ახლაც ნამდვილად იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მზარდი იქნება. მინდა გითხრათ, რომ კლება არასოდეს არ შეინიშნებოდა, ყოველი წელი უკეთესი იყო. თუმცა ყოველ წელს რაღაც გამოწვევას ვებრძოდით, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, რომ წლევანდელი წელი გამონაკლისი არ იქნება. დაინტერესება დიდია. ჯავშნები აქტიური და, ასე ვთქვათ, წინასწარ გადახდილი ჯავშნები დეკემბრის დასაწყისიდან კარგად ჩნდება ხოლმე უკვე. მანამდე მომართვიანობა საკმაოდ კარგია, ასე რომ, იმედიანად ვართ", - აღნიშნა მურაჩაშვილმა.
ჰოტელიერის თქმით, გუდაურის სასტუმროებში უცხოელი ვიზიტორები კვლავ დომინირებენ. მისი დაკვირვებით, წინა წლებში საქართველოს მოქალაქეების წილი დამსვენებლებს შორის დაახლოებით 3-5% იყო, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 10-12%-მდე გაიზარდა.
მურაჩაშვილის განმარტებით, ზამთრის ტურიზმისთვის დამახასიათებელია ჯავშნების სპეციფიკური დინამიკა. ზაფხულის სეზონისგან განსხვავებით, სასტუმროები შედარებით ფრთხილად ეკიდებიან დიდი ჯგუფების ჯავშნების წინასწარ დადასტურებას, რადგან მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამინდსა და საერთაშორისო ვითარებაზე.
„ზამთრის ტურიზმს თავისი ქცევა აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი ტურბულენცია გვაქვს გარშემო, იქნება ეს ისრაელის, ახლო აღმოსავლეთის თუ უკრაინის მხრიდან, ბლოკებს ვერიდებით. ჩვენ ძირითადად უფრო დამოკიდებული ვართ ინდივიდუალურ დამსვენებელზე, რომლებიც უფრო მეტად დეკემბრის დასაწყისში ჩნდებიან ხოლმე, იმის მიხედვით, როგორი ზამთარი იქნება“, - განაცხადა მან.
მაია მურაჩაშვილის შეფასებით, გუდაურის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად მნიშვნელოვანი ფაქტორია სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. მისი თქმით, საქართველოს კურორტები კონკურენციას უწევენ როგორც ბულგარეთის, ისე სხვა საერთაშორისო სათხილამურო მიმართულებებს. ამასთან, ევროპაში სასტუმროების გაძვირების ფონზე, ზოგიერთი მოთხილამურე ალტერნატიულ მიმართულებად საქართველოს ირჩევს.
ცნობისთვის, ზამთრის სეზონი გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში 20 დეკემბერს გაიხსნება. გუდაურში მიმდინარე წელს ორი ახალი საბაგიროს, 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩისა და 6-კილომეტრიანი ახალი ტრასების მოწყობაა დაგეგმილი. ასევე, 7 500 მეტრზე მონტაჟდება ხელოვნური გათოვლიანების სისტემები და ეწყობა ღამის სრიალისთვის საჭირო განათება.
























