მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

სალუქვაძე

ზამთრის საკურორტო სეზონის მოახლოების პარალელურად, გუდაურში კვლავ მწვავედ დგას ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური გამოწვევები, რომლებიც წლებია ბიზნესსექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.

ორგანიზაცია „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელი გეგა სალუქვაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში ყურადღება რამდენიმე ძირითად პრობლემურ საკითხზე გაამახვილა.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება და გაუგებარი ტარიფი

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დასუფთავებაზე დამატებითი ტარიფის დაწესება დასახელდა. თუ მანამდე კურორტზე ნაგვის გატანის ფუნქციას მთის ტრასების სააგენტო (MTA) ახორციელებდა, მიმდინარე სეზონიდან სალუქვაძის განმარტებით, დასუფთავების პროცესში დუშეთის მუნიციპალიტეტი ჩაერთო, თუმცა შეფერხებებს არა სააგენტოს ცუდი მუშაობა, არამედ კურორტზე არსებული საცობები იწვევდა.

„მუნიციპალიტეტი აპირებს თანხის აღებას, რაც თავის მხრივ პრობლემას არ წარმოადგენს თუკი ნაგვის გატანა მოგვარდება. მაგრამ მთავარი კითხვაა როგორ?

ნაგვის გატანის პრობლემას ქმნიდა საცობი და არა ცუდად მუშაობა ამა თუ იმ უწყების მხრიდან. შესაბამისად ბიზნეს გვაქვს კითხვა როგორ აპირებენ იმ პრობლემის მოგვარებას, რის გამოც შარშან ნაგვის გატანა ფერხდებოდა? - აცხადებს სალუქვაძე.

ინფრასტრუქტურული პროექტები და საცობების პრობლემა

კურორტზე კვლავ მწვავედ დგას გზებისა და გადატვირთული მოძრაობის საკითხი. ბიზნესის წარმომადგენლებს ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის იგეგმება ქვეშეთი-კობისა და ქვეშეთი-გუდაურის მონაკვეთების გახსნა, რამაც მნიშვნელოვნად უნდა განტვირთოს მლეთადან გუდაურამდე არსებული საცობები. გარდა ამისა, შეჩერებულია ე.წ. „კანადური პროექტი“, რომელიც სოფელ სეთურებსა და გუდაურს შორის საბაგიროს მშენებლობას ითვალისწინებდა. სალუქვაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული საბაგირო კურორტზე არსებული ნაკადების განტვირთვისთვის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტი უნდა ყოფილიყო.

მუნიციპალური ტრანსპორტის დეფიციტი

სერიოზულ შეფერხებას ქმნის მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობაც. სალუქვაძის თქმით, მაშინ, როცა სხვა რეგიონებში შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი გამართულად მუშაობს, მიუღებელია, რომ ფასანაურიდან ადამიანები გუდაურში ასვლას ახერხებდნენ.

„მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტრანსპორტის არარსებობა სერიოზული პრობლემაა. არ შეიძლება არ იყოს ტრანსპორტი ფასანაურიდან გუდაურამდე სადაც დასაქმებაზე დიდი მოთხოვნაა.“ - აღნიშნავს ის.

სამედიცინო სერვისები და უსაფრთხოება

კვლავ მოუგვარებელია ვიზიტორთა უსაფრთხოებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საკითხი. კურორტის გადაუდებელი განყოფილების კაბინეტში არ არის ექოსკოპია, რაც შინაგანი ორგანოების დაზიანებისა თუ სისხლდენის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ მთავრობამ თანამედროვე, მოდერნიზებული სამედიცინო ცენტრის მშენებლობა დააანონსა, პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა.

ამასთანავე, ქვეყანაში კვლავ არ დგამს ნაბიჯები პროფესიონალური სამაშველო კორპუსის ჩამოსაყალიბებლად, რასაც შესაბამისი აღჭურვა და კადრების 5-6-წლიანი მომზადება სჭირდება. შედეგად, კურორტებზე უსაფრთხოება ისევ მხოლოდ ადგილობრივი სასრიალო მაშველების ენთუზიაზმსა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები