შპს „ემ თი ეი“ 2026-2027 წლების ზამთრის სეზონის წინ კობი-გუდაურში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ზვავსაშიში ზონების მონიტორინგისთვის 409 280 ლარის ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.
შესყიდვა მოიცავს ზვავსაწინააღმდეგო სისტემების, ზვავსაშიში ზონების უწყვეტი მონიტორინგის, პროგნოზირებისა და პოტენციური ზვავების მახასიათებლების შეფასებისთვის საჭირო სპეციალურ აღჭურვილობასა და კომპონენტებს.
„ემ თი ეის“ განმარტებით, მის მართვაში არსებულ სათხილამურო კურორტებზე განსაზღვრულ 72 საზვავე წერტილზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა და თოვლ-ზვავების ხელოვნურად გამოწვევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე SECUBEX-ის მასალის არსებული მარაგი სრულად ამოწურულია და საჭიროებს შევსებას მომავალი ზამთრის სეზონისთვის.
უწყების განმარტებით, ალტერნატიული მიმწოდებლისგან საქონლის შეძენა შეუძლებელია შემდეგი მიზეზების გამო:
PIDA-ს სტანდარტები: „ზვავების მართვის სამოქმედო გეგმაში“ გათვალისწინებული ხელით სასროლი მუხტი ზუსტად არის მორგებული არსებულ ტექნოლოგიურ პარამეტრებზე (აფეთქების მუხტი, გავრცელების არეალი). სხვა მწარმოებლის პროდუქციით ჩანაცვლება გამოიწვევს პროცესის ხარისხობრივ გაუარესებას.
ექსტრემალური ექსპლუატაციის პირობები: GAZEX-ის დანადგარები განლაგებულია ზღვის დონიდან 2,800 – 3,200 მეტრის სიმაღლეზე, რთულ კლიმატურ პირობებში, სადაც ზამთარში ლოკაციების 90% ადამიანისთვის მიუვალია. მოთხოვნილი აკუმულატორები უზრუნველყოფენ მუშაობას -40°C-მდე ყინვაში.
6-წლიანი გამოცდილება: GAZEX-ის სისტემების ოპერირების მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მხოლოდ ოფიციალური დილერისგან მოწოდებული ორიგინალი ნაწილები იძლევა გარანტიას, რომ სისტემამ ზამთრის სეზონზე შეუფერხებლად იმუშაოს.
























