მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ka Group : ჩინეთი ზამთრის ქართული კურორტებისთვის ახალი ბაზარი შეიძლება, გახდეს

ზამთრის კურორტი

ჩინეთის ბაზარი შესაძლოა, მომდევნო წლებში ზამთრის ქართული კურორტებისთვის ახალი მნიშვნელოვანი მიმართულება გახდეს. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ KA Group-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინა ჭიღლაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, კომპანიის სასტუმროებში ამჟამად ყველაზე მეტი სტუმარი ისრაელიდან, გერმანიიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩამოდის. შედარებით მცირეა საფრანგეთის, პოლონეთისა და ინდოეთის ბაზრების წილი. ამასთან, ინდოელი ტურისტებისთვის ზამთრის კურორტებზე დასვენება ყოველთვის თხილამურებით სრიალს არ უკავშირდება.

„ძირითადად ისევ აქტუალურია ისრაელი, გერმანია, სპარსეთის ყურის ქვეყნები, შემდეგ უკვე მოდის დაბალი წილით საფრანგეთი, პოლონეთი და ინდოეთი. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ალბათ, ინდოეთი ნაკლებად დაინტერესებულია სრიალით, მათთვის უფრო თოვლი და მთებში დასვენება არის საინტერესო ფაქტორი, ვიდრე დამატებითი აქტივობები, რაც ზამთრის კურორტებზე გვაქვს.

ევროპის ქვეყნებისთვის საინტერესოდ ვრჩებით, თუმცა მათი პროცენტული წილი არც ისე მაღალია. გუდაურში ზოგადად, ჩვენს სასტუმროში შეიძლება, ითქვას, მაღალია იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ სასტუმროს ინტერიერიც განსხვავებულია, განსაკუთრებულია და ვიზიდავთ ევროპელ დამსვენებელს, პლუს არაერთ ონლაინ სარეზერვაციო სისტემაზე დიდი დოზით ვმუშაობთ, რომ ეს კონტინგენტი მაქსიმალურად ტრიალებდეს ჩვენს სასტუმროში“, - აცხადებს ნინა ჭიღლაძე.

მისივე თქმით, ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების ქცევა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად არ იცვლება. ბაკურიანშიც, კომპანიის დაკვირვებით, შენარჩუნებულია წინა წლის მსგავსი სურათი - აქტიურობენ მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული და ქართველი დამსვენებლები, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად ოჯახებით მოგზაურობენ. თუმცა როგორც ჭიღლაძე აღნიშნავს, მომდევნო წლისთვის ბაზრების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესო ჩინეთი იქნება. მისი თქმით, ამჟამად ტურისტულ პარტნიორებთან მომდევნო წლის კონტრაქტებზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ვფიქრობ, გარდამტეხი მომდევნო წელი იქნება, რადგან ჩინეთის ბაზრის მხრიდან ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ ეტაპზე სწორედ მომავალი წლისთვის მიმდინარეობს ტურისტულ კომპანიებთან კონტრაქტების გაფორმება. შესაბამისად, ჩინეთი იქნება ახალი ბაზარი, რომლის ქცევასა და მოთხოვნებსაც უნდა დავაკვირდეთ, რათა ჩვენი შეთავაზებები მათ ინტერესებს მოვარგოთ“, - ამბობს ის.

ჭიღლაძის შეფასებით, ახალი ბაზრის გააქტიურება სასტუმროებს შესაძლებლობას მისცემს, უკეთ შეისწავლონ ჩინელი ტურისტების მოთხოვნები და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები შეიმუშაონ.

ამასთან, მისივე თქმით, საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ კურორტებზე არსებული სერვისებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაც.

ამ კონტექსტში ის დადებითად აფასებს მთის ტრასების სააგენტოს (MTA) გაციფრულების პროცესს, რომლის შედეგადაც დამსვენებლებს სრიალთან დაკავშირებული ინფორმაციის წინასწარ მიღება შეეძლებათ.

„ვფიქრობ, MTA-ის გაციფრულებას აუცილებლად დადებითი გავლენა ექნება, რადგან დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ, წინასწარ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე, რომლებიც სრიალს უკავშირდება. გასულ წელს იყო შემთხვევები, როდესაც საბაგირო ან სხვა ინფრასტრუქტურა გარკვეული დროით ჩერდებოდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენამდეც დაგვიანებით აღწევდა. შედეგად, დამსვენებლებსაც უჭირდათ ზუსტი ინფორმაციის მიღება და ზოგჯერ მათ კითხვებზე პასუხის დროულად გაცემა ვერ ხერხდებოდა. გაციფრულების შედეგად ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი და ოპერატიული გახდება, რაც როგორც ბიზნესს, ისე დამსვენებლებს პროცესების უკეთ ორგანიზებაში დაეხმარება“, - აღნიშნავს ნინა ჭიღლაძე.

შეგახსენებთ, რომ „კა ჯგუფი“ საქართველოს ცხრა რეგიონში 13 სასტუმროს მართავს. მათ შორისაა გუდაურში მდებარე „ქუადრუმი“ და Fine Chalet, ასევე ბაკურიანის სასტუმროები. ზამთრის სეზონი საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში 20 დეკემბერს ერთდროულად გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები