კომპანია BTL Georgia-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის მიმართულებით კარგი პერსპექტივა არსებობდა, თუმცა წლის ბოლომდე ეს მოლოდინი ვერ შენარჩუნდა. როგორც მაია ბიბილაური BMGTV-s გადაცემაში "საუბარი ავიაციაზე" აღნიშნავს, კომპანიამ გასულ წელს ბაზრის დივერსიფიკაცია შეძლო.
"დასაწყისში 2024 უკეთესი წელი იყო, ვიდრე 2023, ძალიან კარგი პერსპექტივები იყო, იმედებს ვამყარებდით, მაგრამ ყველამ ვიცით, დღევანდელი მოვლენების შესაბამისად, ტურიზმი პირველ რიგში დაზიანდა და, სამწუხაროდ, ისე ვერ დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი წელიწადი იყო, მაგრამ ის მოლოდინები, რაც გვქონდა, არ დაიდო.
განსხვავებული იყო სხვა წლებისგან იმით, რომ მრავალფეროვანი ბაზრებიდან შემოდიოდა დაკვეთები, რაც ყველაზე საინტერესო ფაქტია, ასე დაიწყო წელიწადი, ერთ-ერთი პროექტი გვქონდა, რომლის ფარგლებშიც 72 ქვეყნიდან 400-ზე მეტი სტუმარი მივიღეთ", - ამბობს მაია ბიბილაური.
ბაზრების დივერსიფიკაციასა და 2024 წლის მასშტაბურ პროექტებზე BMG-ის ეთერში BTL Georgia-ს ბიზნესგანვითარების დირექტორი, გურამ ავალიანიც საუბრობს. მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნიდან მოთხოვნის ზრდამ კომპანიის სერვისების გამრავალფეროვნებასაც შეუწყო ხელი.
"ჩვენთვის წლის დასაწყისი და პირველი ორი კვარტალი აღმაფრთოვანებელი იყო იმით, თუ რამდენად ინტერნაციონალური იყო ბაზრები და, შესაბამისად, რაც უფრო ინტერნაციონალურია მოთხოვნა, მით უფრო მრავალფეროვან პროდუქტებს ვთავაზობთ მომხმარებელს.
აპრილში ჩავატარეთ Human Rights Funders Network-ის ფესტივალი. ეს არის ადამიანის უფლებათა დამცველი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში მართავს ამ ფესტივალს და წელს საქართველო ჰქონდათ არჩეული, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. თუ სტანდარტული პროექტი მოიცავს 10-დან 15-მდე სერვისს, მათი პირველადი მოთხოვნა იყო 22 განსხვავებული სერვისი და ეტაპობრივად კიდევ ემატებოდა. ამას ემატება ისიც, რომ ივნისში ვუმასპინძლეთ ევროკავშირში ერთ-ერთი ყველზე დიდი კომპანია NovaNordisk-ის აღმოსავლეთ ევროპის დირექტორების საბჭოს. ეს პროექტი ძალიან საინტერესო იმითაც, რომ ბევრად უფრო აქტიურ, ენერგიულ და თანამედროვე აქტივობებს მოიცავდა", - აღნიშნავს გურამ ავალიანი.
მისი თქმით, საქმიანი ტურიზმის მიმართულება BTL Georgia-მ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც განავითარა და ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბრიუსელში დაგეგმილი ღონისძიებები იყო: "ივნისში რამდენიმე მასშტაბური პროექტი გვქონდა ადგილობრივი კორპორაციული კომპანიისთვის ბრიუსელში, სადაც ასევე ძალიან მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზება მოგვიწია ქვეყნის გარეთ".