მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს "მაკდონალდს საქართველოს" შემოსავალი გაიზარდა - კომპანიის ანგარიში

McDonald’s

„მაკდონალდს საქართველომ“ 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიამ გასული წელი მნიშვნელოვანი ზრდით დაასრულა. ანგარიშის თანახმად, 2024 წელს „მაკდონალდსის“ შემოსავალი 16%-ით გაიზარდა და 283 მილიონ ლარს მიაღწია. წმინდა მოგებამ კი 31.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 1 მილიონით მეტია.

საქართველოში „მაკდონალდსის“ ფრენჩაიზის მფლობელია კომპანია „თ და კ რესტორნები“, რომელიც 1997 წლის 16 დეკემბერს დაფუძნდა. 2024 წლის ბოლოსთვის კომპანიას საქართველოში უკვე 25 რესტორანი და ერთიანი ლოგისტიკური ცენტრი ჰქონდა. ჯგუფი დაახლოებით 2,300 ადამიანს ასაქმებს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წელს „მაკდონალდსი“ 13.3 მილიონ მომხმარებელს მოემსახურა. ერთი შეკვეთის საშუალო ღირებულებამ 21.2 ლარი შეადგინა, რაც მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, საშუალო ჩეკის ზომის ზრდაზეც მიუთითებს.

კომპანია აღნიშნავს, რომ 2024 წელს ფასების სტაბილიზაციის მიუხედავად, კვლავ მნიშვნელოვანი ზეწოლა შენარჩუნდა პროდუქტების თვითღირებულებაზე - ევროპულ მომწოდებლებზე სრულად გადართვის შედეგად, მიწოდების ჯაჭვის ხარჯები კვლავ მაღალი დარჩა. თუმცა, როგორც ანგარიშში წერია, გლობალური ინფლაციის შენელებამ და ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებამ კომპანიას საშუალება მისცა მომგებიანობის ზრდა შეენარჩუნებინა.

„კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმა, ორიენტირებულია მაქსიმალურად მოხდეს თბილისისა და საქართველოს საბაზრო არეალის დაფარვა, რათა მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს კომპანიის მომსახურების მიღება. პარალელურად მიმდინარეობს არსებული რესტორნების ტექნოლოგიური განვითარება და განახლება, მაკდონალდსის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, არსებული რესტორნებში ხდება სხვადასხვა ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა, რაც მომხმარებლის სტუმრობას უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის,“ - აღნიშნულია კომპანიის ანგარიშში.

2024 წელს „მაკდონალდსმა“ ინვესტიციების მიმართულებითაც გააგრძელა აქტიურობა - კომპანიამ 32.9 მილიონი ლარი დახარჯა რესტორნების განახლებასა და ტექნოლოგიურ აღჭურვილობაზე.

ფინანსურ ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი კომპანიის ხარჯებიც.

  • საკვები პროდუქტების მასალებზე – 111 მილიონი ლარი,
  • თანამშრომელთა ხელფასებზე – 45.3 მილიონი ლარი,
  • საოპერაციო ხარჯებზე – 54 მილიონი ლარი,
  • როიალტიზე – 23.6 მილიონი ლარი,
  • ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯზე – 11.9 მილიონი ლარი.

კომპანიის აქტივების საერთო მოცულობა 2024 წლის ბოლოს 224.9 მილიონ ლარს მიაღწია. აქციონერთა სტრუქტურა უცვლელია - 90% ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ეკუთვნის, ხოლო 10% გენერალურ დირექტორ თენგიზ კაპანაძეს.

„მაკდონალდს საქართველო“ ხაზს უსვამს, რომ მისი სტრატეგიული მიზანია ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო ფართო დაფარვა და რეგიონული ქსელის განვითარება, რათა მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მომხმარებლებისთვის

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები