„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ახალ საწარმოო ხაზს ამატებს, რომელიც მარტის ბოლოს ამოქმედდება. სრულად თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური დანადგარების შემოტანისა და გამართვისთვის კომპანიამ 10 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა. წარმოების განვითარებისა და საწარმოო მოცულობების გაზრდის პროექტზე „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ BMG tv-ის „ბიზნესის კვირეულთან“ ისაუბრა.
ახალი ხაზი Fuse Tea-ს ცივი ჩაის და Cappy-ს წვენების წარმოებისთვის არის განკუთვნილი და მისი ამოქმედების შემდეგ კომპანიის საწარმოო სიმძლავრეები ჯამში 3.5-ჯერ გაიზრდება.
„ტექნოლოგიურად ეს სიახლეა, რადგან ძალიან თანამედროვე და ენერგოეფექტური ხაზია. წარმოების პროცესი უახლესი ტექნოლოგიური მიდგომებით მიმდინარეობს, პროდუქტს გარემოსთან შეხება არ ექნება. ამასთან, ამ ხაზის დამატებით წარმოება გაიზრდება, რადგან მოთხოვნილება გაიზარდა.
დაახლოებით 10 მლნ ევროს ინვესტიცია ჩავდეთ ამ ხაზის გასამართად და რა მოცულობებითაც გაიზარდა ჩვენი კომპანიის წარმადობის რესურსი, მის ათვისებას ბაზრის ზრდის ტენდენციების გათვალისწინებით დაახლოებით 3 წელიწადში შევძლებთ.
ახალი საწარმოო ხაზის გასამართად მუშაობა 2024 წლის ბოლოს დავიწყეთ და ის მარტის ბოლოს ამოქმედდება. ამ ეტაპზე ხაზის გამართვაზე უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ“, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ და დასძენს, რომ ხაზის ამოქმედების შემდეგ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ქარხანაში დასაქმებულთა რიცხვი 20-ით გაიზრდება და 350 ადამიანს გადააჭარბებს.
კომპანია „სიდელის“ წარმომადგენელი, ტექნოლოგი და ინჟინერი მარკო მოსტი, რომელიც დღეს ახალი ხაზის გამართვაზე 5-კაციანი ჯგუფით მუშაობს, ამბობს, რომ სრულად ახალი და თანამედროვე ხაზის წარმოების სიმძლავრე სრული დატვირთვისას დღეში 24 000 ნახევარლიტრიანი ბოთლის ჩამოსხმაა. გარდა ამისა, ამავე ხაზით ცივი ჩაის და Cappy-ს 300 მლ-ია შეფუთვით ჩამოსხმა იგეგმება.
ბიზნესმენი თემურ ჭყონია აღნიშნავს, რომ ახალი საწარმოო სიმძლავრეები მათ საექსპორტო პოზიციების გამყარებაში შეუწყობს ხელს. მისი ინფორმაციით, დღეისთვის კომპანია ყაზახეთში ექსპორტის ხელშეკრულებას აფორმებს.
“ყაზახეთში ზაფხულის განმავლობაში წვენებსა და ცივ ჩაიზე დეფიციტი იქმნება ხოლმე და ჩვენ ვაფორმებთ შეკვეთას, რომლითაც ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში 5 მლნ ყუთ სასმელს გავყიდით. თვითონ კოკა-კოლის ქარხნის წარმადობა იმდენად მოდერნიზებულია და მაღალტექნოლოგიურია, რომ რაღაც დროს ზაფხულის მაღალი სეზონის დროს ჩვენ იმ ქვეყნებს ვამარაგებთ, რომლებსაც სასმელების დეფიციტი ექმნებათ. ჩვენ შევდივართ „კოკა-კოლას“ საერთაშორისო მომმარაგებელ ქსელში”, - ამბობს ჭყონია.




























