მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყაზახური ნედლი ნავთობის იმპორტი განხორციელდა

BSP ყულევი

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ცნობილი ხდება რომ ივლისში საქართველოში ყაზახეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტი განხორციელდა. სტატისტიკის თანახმად, გასულ თვეში 3.2 მილიონი დოლარის ღირებულების 5.5 ათასი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის იმპორტი განხორციელდა, რაც საქართველოში ყაზახური ნედლი ნავთობის იმპორტის პირველი შემთხვევაა.

აღნიშნული იმპორტი დაკავშირებული იყო კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმის" (BSP) ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ოპერირებასთან. ამასთან, კომპანიამ 3 აგვისტოს განაცხადა, რომ მათ ყაზახური ნედლი ნავთობის გადამუშავება დაიწყეს, ხოლო დღეს კი აღნიშნული სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმაც დაადასტურა. კომპანია მიუთითებს რომ აგვისტოს განმავლობაში ყაზახეთიდან ნედლი ნავთობის დამატებით მოცულობებს მიიღებს, ხოლო ლიბიური წარმოშობის იმპორტის დაწყების შემდეგ კი, რაც აგვისტოს 20-30 რიცხვებისთვის უნდა მოხდეს კომპანია სრულად შეძლებს რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის ჩანაცვლებას. BSP-ის ინფორმაციით, ჩანაცვლება აგვისტო-სექტემბრის პერიოდში უნდა განხორციელდეს. ამასთან, კომპანიას გააჩნია ლიბიიდან ნავთობის მიღების ხელშეკრულება, რაც 2027 წლის ბოლომდე პერიოდს ფარავს.

აქამდე, საქართველოში მხოლოდ რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის იმპორტი ხორციელდებოდა.

2026 წლის 24 ივლისს ევროკომისიამ განაცხადა, რომ BSP აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებოდა კომისიასთან და განმარტა, რომ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი მიზნად ქარხნისთვის რუსული ნედლი ნავთობისგან დივერსიფიკაციის შესაძლებლობის მიცემას ისახავდა. BSP-ის მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯები შეესაბამება აღნიშნულ მიზანსა და ვადებს. შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ (Black Sea Petroleum LLC / BSP) აცხადებენ, რომ ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელება მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები