2026 წლის ოქტომბრის განმავლობაში საქართველოში 89.4 მილიონი დოლარის ღირებულების 86.3 ათასი ტონა ნედლი ნავთობი შემოვიდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არის აღნიშნული.
სტატისტიკის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოში ნედლი ნავთობი მხოლოდ ლიბიიდან შემოვიდა.
ნედლი ნავთობი წარმოადგენს "ბლექ სი პეტროლიუმის" (BSP) ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ნედლეულს, რომლისგანაც კომპანია სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტებს აწარმოებს.
კომპანია 2026 წლის 23 აგვისტოდან სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის იმპორტზე გადავიდა. უფრო დეტალურად, ამ დროისთვის კომპანიამ ლიბიური ნავთობის სამი პარტია მიიღო და სექტემბერში ლიბიიდან იმპორტის მოცულობა საქსტატის თანახმად, 144 მილიონ დოლარს შეადგენდა. კომპანიის თანახმად, 2027 წლის განმავლობაში ნედლეულის მოწოდება ლიბიიდან მოხდება. BSP-ის თანახმად, კომპანია ლიბიური ნედლი ნავთობის შემდეგ პარტიას ამ თვეში ელოდება.
რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის თანახმად, საქართველოდან ნავთობპროდუქტების ადგილობრივმა ექსპორტმა ოქტომბერში 66 მილიონი დოლარი შეადგინა, მათ შორის 37.6 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტების ექსპორტი განხორციელდა ტუნისში, 24.4 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტების ექსპორტი კი ჩინეთში.
ამასთან, BSP-მა 15 ოქტომბერს ბრიუსელში ევროკავშირის საკითხებზე მომუშავე ოფისი გახსნა. კომპანიის განცხადებით, ოფისის მიზანია ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაძლიერება და ევროპელ ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობების გაფართოება.

ცნობისთვის: 10 თვეში საქართველოში 516 მილიონი დოლარის ღირებულების ნედლი ნავთობის იმპორტი განხორციელდა.
























