მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთში მასშტაბური მარკეტინგული კამპანია გამართა

ყაზახეთი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთის ბაზარზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც ქალაქ ალმათიში როუდშოუ - Emotions are Georgia გაიმართა. ღონისძიებას 50 ყაზახი ტუროპერატორი დაესწრო. შეხვედრაზე ჩატარდა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, პარალელურად კი ქართველ და ყაზახ სექტორის წარმომადგენლებს შორის B2B ფორმატის შეხვედრები გაიმართა.

ე.წ როუდშოუს პარალელურად, ადმინისტრაციამ ყაზახი ტუროპერატორებისთვის საქართველოში გაცნობითი ტურები მოაწყო. სტუმრები ქვეყნის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურას, ტურისტულ პროდუქტებსა და ზამთრის კურორტებს გაეცნენ.

ამავე კამპანიის ფარგლებში საქართველომ ყაზახ ჟურნალისტებს, ინფლუენსერებსა და ფოტოგრაფებს უმასპინძლა. მედიატურის მონაწილეებმა მოინახულეს თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ასევე ეწვივნენ მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებს. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში საქართველოს ზამთრის სათხილამურო კურორტები - გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი და მესტია მოხვდა. ტურის დასრულების შემდეგ, ქვეყნის კულტურის, სამზარეულოს, ღვინისა და ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ვრცელი სტატიები ყაზახეთის წამყვან ბიზნეს და ეკონომიკურ მედიაპლატფორმებზე გამოქვეყნდა.

საინფორმაციო კამპანია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყაზახეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების ზრდას. აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აქტიურად ხორციელდება: ფრენები ასტანიდან, ალმათიდან, აქტაუდან, ატირაუდან და შიმკენტიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით სრულდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის III კვარტალში ყაზახეთიდან საქართველოს 145,284 ტურისტი სტუმრობდა. ეს მაჩვენებელი 4.3%-ით აღემატება 2025 წლის იმავე პერიოდის მონაცემებს (139,246 ვიზიტორი) - ანუ, ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 6,038-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები