მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI მიმდინარე წელს $3.7 მილიარდის შემოსავალს და $5 მილიარდის წაგებას პროგნოზირებს. CNBC-ის მიერ დადასტურებული ინფორმაციით, აგვისტოში OpenAI-ის შემოსავალმა წლიურად 1,700%-ით იმატა და $300 მილიონი შეადგინა, მაგრამ მომავალ წელს, კომპანია შემოსავლის კიდევ უფრო მეტად, $11.6 მილიარდამდე გაზრდას პროგნოზირებს. ის, რაც OpenAI-ის თავს ხდება, უცნაური არ არის, რადგან Microsoft-ის შვილობილი ორგანიზაცია სტარტაპივით ფუნქციონირებს და სწრაფად იზრდება, რაც კომპანიის მესვეურების მიერ დიდი ოდენობით ნაღდი ფულის ხარჯვას გულისხმობს.
პარალელურად, OpenAI მორიგ საინვესტიციო რაუნდს ატარებს, რომლის ფარგლებში $6.5 მილიარდის მოზიდვა სურს, $150-მილიარდიანი შეფასებით. როგორც გაირკვა, რაუნდში მონაწილეობის სურვილი ბევრმა ინვესტორმა გამოთქვა, ხოლო ტრანზაქცია, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დაიხურება. ამგვარად, OpenAI მსოფლიოს მესამე ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპის წოდებას შეინარჩუნებს, ხოლო ეს შემთხვევა, 2006 წლის შემდეგ დაფიქსირებული რიგით მეხუთე ყველაზე მასშტაბური ვენჩურული გარიგება იქნება.
თუმცა მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი - OpenAI-ის $150-მილიარდიანი შეფასება დე ფაქტო დასტურია იმისა, რომ სემ ოლტმენი ვალდებულია არაკომერციული ორგანიზაცია ჩვეულებრივ კომპანიად გადააქციოს და პოტენციურად, OpenAI-ის აქციების საჯარო განთავსებაზეც იფიქროს, რითაც აქციონერებს ინვესტიციაზე მაქსიმალური ამონაგების მიღების საშუალებას მისცემს. არსებული ვარაუდით, OpenAI მოგებაზე ორიენტირებულ კომერციულ ორგანიზაციად დარეგისტრირდება, ხოლო სამეცნიერო ფრთას ცალკე ორგანიზაციად გამოყოფს, რომელიც არაკომერციულ ბუნებას შეინარჩუნებს.