ხელოვნური ინტელექტის კრიტიკოსები, როგორც წესი, ამ ტექნოლოგიის საწინააღმდეგოდ ერთ უნივერსალურ არგუმენტს იყენებენ, რომელიც დეზინფორმაციის წახალისებას გულისხმობს. როგორც კრიტიკოსები ამბობენ, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ისეთი ტექსტის, სურათებისა თუ ვიდეოს შექმნა შეიძლება, რომელსაც ადამიანის შეცდომაში შეყვანა ისეთნაირად შეუძლია, რომ ადამიანი მის რეალურობაში ეჭვსაც არ შეიტანს. თან, ამ ტექნოლოგიას, როგორც კრიტიკოსები ამბობენ, დეზინფორმაციის მასშტაბირებაც შეუძლია.
როგორც მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის დამფუძნებელი სემ ოლტმენი ამბობს, დღეს, ხელოვნური ინტელექტი - “ფოტოშოპს” ჰგავს, როცა ის ახალი ტექნოლოგია იყო. ამერიკელი ანტერპრენიორი იხსენებს დროს, როცა ადამიანები ვერ ხვდებოდნენ, სურათები შეცვლილი იყო თუ არა, მაგრამ დროსთან ერთად, გაჩნდა ზოგადი ცოდნა, რომ სურათი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, შესაძლოა, შეცვლილი იყოს - ოლტმენის შეფასებით, ასე იქნება ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტის შემთხვევაშიც.
“არსებობს საკანონმდებლო დეტალები, რომელთაც გარკვეული პრობლემების მოგვარება შეუძლიათ, მაგრამ [დეზინფორმაციის პრობლემის] მთავარი გადაწყვეტა - ადამიანების განათლებაა. ეს პროცესი ერთხელ უკვე გამოვიარეთ, როცა Photoshop-ი პოპულარული გახდა. იმ დროს, ადამიანები ამბობდნენ, რომ რაღაც თუ ნახეს, ესე იგი, ის სიმართლე უნდა იყოს, მაგრამ მოგვიანებით ყველა მიხვდა, რომ ეს ასე არ არის. ზოგიერთი “დაფოტოშოპებულ” სურათებს დღესაც ვერ არჩევს, მაგრამ ზოგადი ცოდნა ისაა, რომ ფოტოს თუ ხედავ, შესაძლოა, ის შეცვლილი იყოს. იგივე რაღაც მოხდება ამ ახალ ტექნოლოგიებთან მიმართებით, მაგრამ რაც უფრო ადრე ვასწავლით ადამიანებს, მით უკეთესი იქნება”, - აღნიშნა OpenAI-ის დამფუძნებელმა Bloomberg-თან საუბრისას.