ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საახალწლო გაყიდვებმა 2023 წლის მონაცემებს მინიმუმ 15%-ით გადააჭარბა, - ამის შესახებ ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული ბრენდის „პიელ ნატურალსი“ დამფუძნებელმა, თათუკა ლომაძემ BM.GE-სთან განაცხადა.
„გაყიდვების მიმართულებით გარემო ფაქტორებმა ძალიან იმოქმედა, მაგრამ საახალწლო სეზონზე მაინც კარგი შედეგები გვქონდა და გასული წლის გაყიდვებს, მინიმუმ 15%-ით გადავაჭარბეთ“, – აღნიშნა ლომაძემ.
როგორც მან განაცხადა, კომპანიას არაერთი ახალი პროექტი ჰქონდა 2024 წელს განსახორციელებელი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განვითარება უცხოეთს უკავშირდებოდა. კერძოდ, 2024 წელს ქუვეითში მაღაზიის გახსნა იყო დაგეგმილი, რაც ვერ შესრულდა.
„ქუვეითში მაღაზიის გახსნა კი დაგვიანდა, რადგან გარკვეულ საკითხებს ვაგვარებთ, მაგრამ წელს გეგმაში გვაქვს, რომ ამ ბაზარზე მაღაზია გავხსნათ, რადგან ის ჩვენთვის პრიორიტეტული ბაზარია“, – დასძინა თათუკა ლომაძემ.
აღსანიშნავია, რომ კომპანია გაეროს მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე იყო მიწვეული, სადაც მან გაყიდვების წარმატებული მაჩვენებლები დააფიქსირა. ამასთან „პიელ ნატურალსი“ Private label-ის განვითარებას გეგმავს, რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ისინი სხვა ბრენდებს პროდუქციას დაუმზადებენ და განვითარებაში დაეხმარებიან.
„ამ მიმართულებით მოლაპარაკებები როგორც ადგილობრივ, ასევე საზღვარგარეთ არსებულ კომპანიებთან მიმდინარეობს. უკვე 5 კომპანიასთან გვაქვს თანამშრომლობა და ამ კუთხით, კიდევ უფრო მეტი გეგმები გვაქვს“, – აღნიშნა ლომაძემ.
2024 წლის ბოლოს კომპანიამ მნიშვნელოვანი მიღწევა დააფიქსირა – კოსმეტიკის GMP აკრედიტაცია მიიღო, რაც ბრენდის დამფუძნებლის თქმით, საქართველოში პირველი შემთხვევაა და კიდევ უფრო ზრდის ბრენდის პრესტიჟს.
ასევე, გასულ წელს, შავი პარასკევის პერიოდში კომპანიის ახალი ფილიალი ბათუმის „გრანდ მოლში“ გაიხსნა, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მის განვითარებაში.
„ეს ფილიალი შავი პარასკევის დროს გავხსენით. ის ექსკლუზიური, განსხვავებული დიზაინითაა წარმოდგენილი. თუმცა, მარკეტინგული კამპანიები ვერ განვახორციელეთ, რადგან მისი გახსნა, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების საწყისი პერიოდს დაემთხვა“,– აღნიშნა თათუკა ლომაძემ.
„პიელ ნატურალსი“ სასტუმროებთან თანამშრომლობას გეგმავს. კერძოდ, მათი ყურძნის წიპწის შამპუნებისა და კონდინციონერების ტურისტულ ობიექტებში შეტანას აპირებს.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, პირველ ეტაპზე, კომპანიის პროდუქციის ერთ-ერთ მსხვილ სასტუმროში შეტანა იგეგმება.