2024 წელს საქართველოში 239 საავადმყოფო ფუნქციონირებდა, 4-ით ნაკლები, ვიდრე 2023-ში - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლების ანგარიშში ვკითხულობთ.
საქსტატის თანახმად, ერთ წელიწადში 2.5%-ით, 15.4 ათასიდან 14.9 ათასამდე შემცირდა საწოლფონდიც.
ამასთან, შემცირდა საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელიც, 5.3-დან 4.6 დღემდე, დატვირთვის მაჩვენებელი კი 204.9-დან 191.5 დღემდე.
2024 წელს ქვეყანაში 2 288 ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება ფუნქციონირებდა, 2023 წელთან შედარებით 7-ით ნაკლები. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვის 15.8 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2.8%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 15.4 მილიონს.
სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების რიცხოვნობამ 24.1 ათასი შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 300-ითაა შემცირებული, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ 21.3 ათასი შეადგინა - 200-ით ნაკლები, ვიდრე 2023-ში.




























