მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს ქვეყანაში ელექტროენერგიის 73 727 წყვეტა დაფიქსირდა - ენერგოომბუდსმენის ანგარიში

აფხაზეთი

2024 წელს დედაქალაქში ელექტროენერგიის მომსახურების წყვეტა 6 937-ჯერ დაფიქსირდა. სს „თელასის" აბონენტებისთვის 3 127 გეგმური, ხოლო 3 810 არაგეგმური წყვეტა იყო. ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, რეგიონებში (სს „ენერგო-პრო ჯორჯია“) ელექტროენერგიის მომსახურების წყვეტების რაოდენობამ 66 790 შეადგინა. მონაცემები ცხადყოფს, რომ რეგიონებში მომსახურების მიწოდების წყვეტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით გაზრდილია.

ენერგოომბუდსმენის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ გამანაწილებელი ქსელის გამართული ფუნქციონირების საჭიროება და აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალურია მომხმარებელთა მზარდი ტენდენციის ფონზე. სს „თელასის“ ინფორმაციით, გასულ წელს დედაქალაქს დაემატა 28 117 ახალი აბონენტი. მათ შორის: 25 796 - საყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარს ელექტროენერგიას, ხოლო 2 321 აბონენტი წარმოადგენს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. თვითმმართველი ქალაქებისა და სხვა მუნიციპალიტეტების მასშტაბით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დაემატა - ჯამში 26 357 საყოფაცხოვრებო და 4480 არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი.

ამასთან, 2024 წელს ელექტროენერგეტიკის სექტორის მიმართულებით საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში მომხმარებლების 279 განცხადება დარეგისტრირდა. კომპანიების მიხედვით განცხადებები გადანაწილდა შემდეგნაირად:

  • სს „თელასი“ – 52
  • შპს „თელმიკო“ - 31
  • სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ – 174
  • სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ – 22

საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შესული განცხადებებიდან ირკვევა, რომ კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება ელექტროგადამცემი ქსელებისა და საყრდენი ბოძების ავარიული მდგომარეობა.

"დაფიქსირდა არაერთი მოქალაქის პრეტენზია, რომელიც შეეხებოდა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის პრობლემებს. ზოგიერთ შემთხვევაში დაზიანებული იყო სატრანსფორმატორო ჯიხურები, რის გამოც მოსახლეობას ხშირად უწყდებოდა ელექტროენერგიის მიწოდება. დამცველის სამსახურის მიერ ყოველი ცალკეული განცხადება იქნა შესწავლილი და სათანადო რეკომენდაცია მიეცა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და სს „თელასს“. აღსანიშნავია, რომ კომპანიების მხრიდან რეაგირება საკმაოდ სწრაფად ხდებოდა",- წერია ანგარიშში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობის საფუძველზე სემეკმა მომხმარებლებს ჩამოაწერა უსაფუძვლოდ დარიცხული თანხა - ჯამში 8439.44 ლარამდე, ხოლო კომპანიების მხრიდან ჩამოიწერა დაახლოებით - 115 182.18 ლარამდე.

გასულ წელს ენერგოომბუდსმენთან მიმართვიანობის უმეტეს ნაწილს შეადგენდა ელექტროენერგიის სექტორში ხარისხის კუთხით არსებული პრობლემები (ძაბვის ცვალებადობა, ქსელის მდგომარეობა, არასტაბილური მიწოდება/ხშირი წყვეტები). საჩივრების გარკვეული ნაწილი ეხებოდა გეგმური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვებს, მის ინტენსივობას და შემდგომ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას მითითებულ დროზე გვიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები