ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველი 9 თვეში, საქართველოში ამანათების შემოსვლის მაჩვენებელი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საფოსტო ამანათების რაოდენობა წლიურად 53.4%-ით გაიზარდა.
UPS საქართველოს დირექტორი გიორგი ქოპილაშვილი ამბობს, რომ დინამიკა საფოსტო გადაზიდვების მიმართულებით მზარდია და ეს ტენდენცია ფიქსირდება საქართველოსთან მიმართებითაც. საკითხზე მან "საქმის კურსის" ეთერში ისაუბრა. ქოპილაშვილის თქმით, 2023 წელს UPS-ს ამანათების შემოტანის თვალსაზრისით 10%-იანი ზრდა ექნება.
“UPS ყოველწლიურად იზრდება მსოფლიო მასშტაბით, ჩვენი საერთო შემოსავალი 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს, ეს უკვე ასახულია საქართველოს მიმართულებითაც. ჩვენ უკვე დიდი ხანია გადავასწარით პანდემიამდე პერიოდს და გვაქვს ზრდა გასულ წელთან მიმართებითაც. ახალი წლის პერიოდი არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო, პიკური სეზონია, უკვე ეტყობა ბაზარსაც.
წელი არ არის დასრულებული და ზუსტი ვერ ვიქნები, თუმცა მინიმუმ 10%-იანი ზრდა დაფიქსირდება იმპორტის თვალსაზრისით. ქვეყნების ნაწილში ვერ გამოვყოფ ცალკეულ ქვეყნებს, ყველა მიმართულებით ზრდა ფიქსირდება. ჩვენი საშუალებით ამანათები შემოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ჩვენი ძირითადი მომხმარებელი მაინც ბიზნესია”, - ამბობს UPS საქართველოს დირექტორი გიორგი ქოპილაშვილი.
მისი თქმით, დაკორექტირდება გადაზიდვის ტარიფებიც. არსებული ტარიფების ზრდის მიზეზი, ქოპილაშვილის განმარტებით, ინფლაციური წნეხია.
“რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვების ტარიფებს, ამ მიმართულებით გლობალური ინფლაციური პოლიტიკიდან გამომდინარე ცვლილებები ხდება. საქართველოს ბაზარზე ცვლილებები იქნება 2024 წელს, თუმცა არც ისეთი მაღალი პროცენტით, იქნება ტარიფების ზრდა, დაახლოებით 5-6%. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს მომხმარებელზე ნაკლებად აისახოს და მაქსიმალურად მათთვის ხელსაყრელ ტარიფებს ვთავაზობთ ყოველთვის.”-ამბობს გიორგი ქოპილაშვილი.