მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს გლობალურად საჰაერო მიმოსვლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ავიაკომპანიები იმაზე ნაკლები მოცულობის ეკომეგობრულ საწვავს იყენებენ, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კომბინაცია აფერხებს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას, ავიაციის ინდუსტრია კი გლობალურად ნახშირბადის ემისიების 4%-ზეა პასუხისმგებელი.
მსხვილ ავიაკომპანიათა ნაწილმა უკვე დადო პირობა, რომ ემისიების მზარდ ტენდენციაში საკუთარი კონტრიბუციის შესამცირებლად საწვავის ალტერნატიულ, ეკომეგობრულ წყაროზე გადაეწყობოდნენ. Air France და Delta Airlines იმ კომპანიათა ჩამონათვალში ხვდება, რომლებმაც 2023 წლისთვის მდგრად საავიაციო საწვავზე ეტაპობრივად გადასვლის პირობა დადეს.
იმ ფონზე, რომ 2024 წელს საჰაერო მიმოსვლა 10%-ით გაიზარდა და 4%-ით გადააჭარბა კოვიდ პანდემიამდელ მაჩვენებლებს, ეკომეგობრულ საწვავზე გადასვლის ტემპი კრიტიკულად დაბალია. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის კვლევის თანახმად, გასულ წელს კომერციული ავიახაზების მიერ მოხმარებული საავიაციო საწვავის მხოლოდ 0.3% მოდიოდა ბიოსაწვავზე, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ასოციაციის თავდაპირველ, 0.53%-იან პროგნოზს.
იმისთვის, რომ ავიაკომპანიებმა 2030 წლის სამიზნე მაჩვენებელს მიაღწიონ, SAF-ის მოხმარება 30-ჯერ უნდა გაზარდონ, რაც ნაკლებად მოსალოდნელია. საავიაციო ინდუსტრია ვარაუდობს, რომ ბიოსაწვავის წარმოება 2030 წლის შემდეგ მიაღწევს პიკს და მოხმარების 90%-საც მას შემდეგ დააკმაყოფილებს. როგორც ინდუსტრიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ავიაკომპანიების წარუმატებლობა რეალურად დაბალმა წარმადობამ განაპირობა, რადგან მდგრად ბიოსწავავს მხოლოდ კომპანიათა ძალიან მცირე ჩამონათვალი აწარმოებს.
იმ კომპანიათა საქმიანობა, რომლებიც SAF-ს აწარმოებენ, გამჭვირვალე არ არის. ამერიკული Valero Energy Corp და Phillips 66 Bloomberg-ის კითხვის საპასუხოდ უარს ამბობენ, გაასაჯაროონ თუ რა რაოდენობის ბიოსაწვავს აწარმოებენ ყოველწლიურად.
მიუხედავად ინდუსტრიის მარეგულირებელი ცვლილებებისა, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედ ავიაკომპანიებს მოხმარების 2%-ის ბიოსაწვავით ჩანაცვლების ვალდებულება აქვთ, გლობალურად ინდუსტრია კვლავ სკეპტიკურად უყურებს საავიაციო საწვავის უფრო მდგრად ალტერნატივაზე გადასვლის პერსპექტივას.




























