2024 წელს საქართველომ 236 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხილი გაყიდა. ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის ანალიზშია აღნიშნული.
გასულ წელს საქართველოსთვის ძირითად საექსპორტო აგროსასურსათო პროდუქტები სპირტიანი სასმელები (288.6 მლნ აშშ $), ღვინო (276 მლნ აშშ $), მინერალური და მტკნარი წყლები (163.8 მლნ აშშ $), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (139.1 მლნ აშშ $), კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) (106.2 მლნ აშშ $), სიგარეტი (64 მლნ აშშ $), ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (55 მლნ აშშ $) და სამრეწველო დამზადების თამბაქო (51.3 მლნ აშშ $) იყო.
ანალიზის თანახმად, 2024 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის 52% სასმელებზე მოდის (ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო), მისი ექსპორტის ღირებულებამ 876 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 24%-იანი მატებაა. მათ შორის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება სპირტიანი სასმელების (ზრდა: 92.7 მლნ აშშ $; 47%), მინერალური და მტკნარი წყლების (ზრდა: 32.2 მლნ აშშ $; 25%), უალკოჰოლო გაზიანი სასმელების (ზრდა: 30 მლნ აშშ $; 27%) და ღვინის (ზრდა: 17 მლნ აშშ $; 7%) ექსპორტში.
უფრო დეტალურად, 2024 წლის მონაცემებით:
სპირტიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება შეადგენს 288.6 მლნ აშშ დოლარს (47.9 მლნ ლიტრი). ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი (54%), სომხეთი (17%) და უკრაინა (8%).
მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ღირებულება შეადგენს 163.8 მლნ აშშ დოლარს (254 მლნ ლიტრი), საექსპორტო ფასმა 0.64 $/ლიტრი შეადგინა. ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი (47%), ყაზახეთი (18%) და უკრაინა (12%).
უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება შეადგენს 139.1 მლნ აშშ დოლარს (150 მლნ ლიტრი), მისი საექსპორტო ფასი 20%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 0.93 $/ლიტრი შეადგინა. ძირითადად ექსპორტირებულია რუსეთში (44%), აზერბაიჯანში (16%) და ყაზახეთში (12%). ღვინის ექსპორტის ღირებულებამ 276.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (94.7 მლნ ლიტრი).
ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარია რუსეთი 182.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციით, მას მოსდევს პოლონეთი, უკრაინა და ყაზახეთი, შესაბამისად 16.6 მლნ 12.5 მლნ და 10.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტით.
სასმელების შემდეგ ძირითადი საექსპორტო პროდუქციის ჯგუფია ხილი, მისი ექსპორტის ღირებულებამ 2024 წელს 236 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 14%-ით აღემატება, ხოლო მისი წილი მთლიან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში 14%-ს შეადგენს. ექსპორტის ზრდა ძირითადად გამოწვეულია თხილის (ზრდა: 17.4 მლნ აშშ $; 21%), მოცვისა (ზრდა: 7 მლნ აშშ $; 33%) და ატმისა და ვაშლატამის ექსპორტით (ზრდა: 3.1 მლნ აშშ $; 13%).
თხილის ექსპორტის ღირებულებამ 100.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მისი ძირითადი საექსპორტო ბაზრებია ევროკავშირი, სადაც ექსპორტირებულია 63.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია, ექსპორტი განხორციელდა ასევე სომხეთში და რუსეთში, შესაბამისად 5 მლნ და 3.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების.
მოცვის ექსპორტის ღირებულება შეადგენს 28.2 მლნ აშშ დოლარს, მისი ძირითადი საექსპორტო ბაზარია რუსეთი, სადაც ექსპორტირებულია 24.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია, ასევე, 2.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია ექსპორტირებულია ევროკავშირში.
ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი შეადგენს 27.9 მლნ აშშ დოლარს.
ამასთან, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება გადამუშავებული ხილისა (ზრდა; 18.9 მლნ აშშ $; 80%) და დაფნის ფოთლის (ზრდა; 16.6 მლნ აშშ $; 94%) ექსპორტში.
გადამუშავებული ხილის (ძირითადად თხილი და ფისტა) ექსპორტის ღირებულებამ 42.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (7.2 ათასი ტონა), ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი (62%) და გერმანია (9%).
დაფნის ფოთლის ექსპორტი შეადგენს 34.4 მლნ აშშ დოლარს (8.6 ათასი ტონა), საექსპორტო ფასი წინა წელთან შედარებით 40%-ით გაიზარდა და 3.98 $/კგ შეადგინა. ძირითადი საექსპორტო ბაზრებია ჩინეთი (80%) და რუსეთი (14%).
2024 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1 მლრდ 680 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 17%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აქედან ადგილობრივი ექსპორტი, ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, 1 მლრდ 380 მლნ აშშ დოლარია (2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 19%-ით მეტი).