2024 წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 15 მილიონ 562 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 5.8%-ით აღემატება.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს ნავსადგურებისა და ტერმინალების 2024 წლის მიმოხილვის მიხედვით, გადამუშავებული ტვირთის 45.7% გენერალური (ზოგადი სახის), 33.6% — თხევადი, ხოლო 20.7% — ნაყარი ტვირთი იყო.
გასული წლის განმავლობაში ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 1 683 გემი მიიღეს, რომელთა 38.5% იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 30.1% — თხევადი ტვირთმზიდი, 22.5% — კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 8.9% ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
ამასთან, 2024 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 34%-ით მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 15.9%-ით მეტი — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 6.7%-ით მეტი — თხევადი ტვირთმზიდი, 14.1%-ით ნაკლები — კონტეინერმზიდი და 9.2%-ით ნაკლები — ნაყარი ტვირთმზიდი.
შემოსული გემების 18.4% თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 16.1% — პანამის, 9.6% — მალტის, 8.7% — ლიბერიის, 5.2% — რუსეთის, დანარჩენი 42% კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს ნავსადგურები 7.9 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც წლიურად 2.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 51%-ს შეადგენდა.




























