ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში საქართველოს მთავრობა $700 მილიონ დოლარს დააბანდებს, ხოლო კერძო სექტორის ინვესტიცია 1.1 მილიარდი იქნება. ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საპორტო სექტორის მაჩვენებლები პიკურ ზღვარს აღწევს, თუმცა სანავსადგურე პროცესების ოპტიმიზაციისა და მართვის მოდელების გაუმჯობესების ფონზე, ნავსადგურები გაზრდილ ტვირთნაკადებს ეფექტურად უმკლავდებიან“, - ასე შეაფასა ქვრივიშვილმა დარგის გამტარუნარიანობა დღეს.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან სანავსადგურე სექტორის შესაძლებლობების სრულად ათვისების მიზნით.
„საქართველოს საზღვაო შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი მთავარი პროექტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური. ანაკლიას ე.წ. ლენდლორდ მოდელით ვავითარებთ - რაც აბალანსებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინტერესებს და ქმნის ფართო რეგიონული და საერთაშორისო მონაწილეობის შესაძლებლობას“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, პორტი ოპერირებას 2029 წელს დაიწყებს, საწყისი წლიური გამტარუნარიანობით - არანაკლებ 600 ათასი TEU და დაახლოებით 10 მილიონი ტონა მშრალი ტვირთი. პროექტში სახელმწიფო 700 მილიონ აშშ დოლარს დააბანდებს, კერძო სექტორის ინვესტიციებით კი ეს ციფრი 1.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
„ინფრასტრუქტურა მხოლოდ ერთი კომპონენტია. შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია შეთანხმებული განრიგები, გამარტივებული პროცედურები და თავსებადი ციფრული სისტემები. ჩვენ მზად ვართ, პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან ერთად ვიმუშაოთ, რათა შუა დერეფანი იყოს ერთი, უწყვეტი, ეფექტიანი და საიმედო მარშრუტი.
ჩვენი საზღვაო სექტორის ერთ-ერთი მთავარი რესურსი ადამიანური კაპიტალია. დღეს 21 000-ზე მეტი სერტიფიცირებული ქართველი მეზღვაური გვყავს, მაშინ როცა 2012 წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 8 000 იყო. მათი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, ამ ზრდის ერთ-ერთი საფუძველი 2012 წლიდან მთავრობის მიერ საზღვაო განათლებაში განხორციელებული 50 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა.
„დღეს ქართველ მეზღვაურებს აღიარებს მსოფლიოს 75 წამყვანი საზღვაო დროშა, მათ შორის ევროკავშირი“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მისივე თქმით, დღევანდელი ფორუმი იმართება საერთაშორისო ვაჭრობისა და სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე. "გეოპოლიტიკური გამოწვევები ზრდის ალტერნატიული და საიმედო სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობას“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვაო ტრანსპორტი, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 80%-ზე მეტი მოდის.
„იცვლება კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი კრიტერიუმებიც. დღეს უპირატესობა აღარ განისაზღვრება მხოლოდ გეოგრაფიული მანძილით. სულ უფრო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მარშრუტის უნარი, უზრუნველყოს ტვირთის სწრაფი, უსაფრთხო და პროგნოზირებადი გადაადგილება საწყისი პუნქტიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.სწორედ ამ დინამიკის ფონზე იზრდება შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა და მის მიმართ საერთაშორისო ინტერესი. საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობაც და პასუხისმგებლობაც - შესაძლებლობა, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი როლი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სისტემაში და პასუხისმგებლობა, მზარდ მოთხოვნას ვუპასუხოთ შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით იმართება.




























