მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობა გაიზარდა, TOYOTA $1.6-მილიარდიან ჯარიმას გადაიხდის - კვირის მთავარი ავტო სიახლეები

CANOO

გასული კვირის ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"

2024 წელს საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობა გაიზარდა, იმპორტ-რეექსპორტი კი რეკორდულია

2024 წლის ბოლოსთვის საქართველოში 7777 ელექტრომობილია რეგისტრირებული. საქსტატის ავტომობილების სტატისტიკის პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ქვეყანაში რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობა 2 725-ით გაიზარდა. ქვეყანაში ელექტრომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად, გასულ წელს რეკორდულია ამ ტიპის ავტომობილების იმპორტიც. 2024 წლის იანვარ-ნოემბრის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნიდან 4 711 ელექტრომობილის შესაძენად 91 მილიონ 591 ათასი დოლარი გავიდა.
2024 წლის იანვარ-ნოემბერში იმპორტის ღირებულება, 2023 წლის 11 თვესთან შედარებით 82.7%-ით გაიზარდა. ამასთან, გასულ წელს საქართველოში 2 847 ელექტრომობილით მეტი შემოვიდა, ვიდრე 2023 წლის იანვარ-ნოემბერში.

ქვეყანაში ელექტრომობილები ძირითადად აშშ-დან და ჩინეთიდან შემოდის. იმპორტის გაზრდილი მაჩვენებელი კი ამერიკიდან ამ ტიპის ავტომობილების შემოყვანის ზრდამ განაპირობა.

ელექტრომობილების იმპორტის ზრდის პირობებში, შემოყვანილი ერთეული ავტომობილის საშუალო ღირებულება შემცირდა. თუ 2023 წელს 1 ელექტრომობილის ღირებულება საშუალოდ 26 894 დოლარი იყო, 2024 წლის ამავე პერიოდის მონაცემებით, ერთეული მანქანის საშუალო ფასი 19 442 დოლარამდე შემცირდა.

ელექტრომობილების უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების TOP-5-ეული კი ასეთია:

აშშ - $47.4 მლნ, 2 800 ცალი; ერთეულის საშუალო ფასი - $16 931
ჩინეთი - $19.5 მლნ, 764 ცალი; ერთეულის საშუალო ფასი - $25 521
გერმანია - $10.2 მლნ, 154 ცალი; ერთეულის საშუალო ფასი - $66 677 დოლარი
იაპონია - $5.3 მლნ, 785 ცალი; ერთეულის საშუალო ფასი - $6 752
ბელგია - $1.5 მლნ, 32 ცალი; ერთეულის საშუალო ფასი - $29 970

გასული წლის 11 თვეში საქართველოდან ელექტრომობილების ექსპორტიც გაზრდილია. ჯამში შარშან ამ პერიოდში 24 მილიონ 555 ათასი დოლარის ღირებულება 885 ელექტრომობილი გავიდა, რაც სრულად რეექსპორტია. ელექტრომობილების ექსპორტი ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნებში ხდება. საექსპორტო მიმართულებებს შორის რეიტინგის პირველ ხუთეულს შემდეგი ქვეყნები ადგენენ:

ყირგიზეთი - $9.3 მლნ, 343 ცალი;
ყაზახეთი - $5.6 მლნ, 200 ცალი;
სომხეთი - $5 მლნ, 144 ცალი;
აზერბაიჯანი - $1.6 მლნ, 51 ცალი;
ჩეხეთი - $1.1 მლნ, 6 ცალი.

2024 წელს Lamborghini-მ რეკორდულად ბევრი ავტომობილი გაყიდა

იტალიურმა ავტომწარმოებელმა Lamborghini-მ 2024 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ გასულ წელს 10,687 ავტომობილი გაყიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და 2023 წლის შედეგს 6%-ით აღემატება. ეს რიგით მეორე წელია Lamborghini-ის ისტორიაში, როცა კომპანიამ გაყიდვების 10,000-იან მაჩვენებელს გადააჭარბა, ხოლო თავად გაყიდვები წლიდან წლამდე მდგრადად იზრდება, რაც, დიდწილად, იტალიური ავტომწარმოებელი კომპანიის გერმანული Audi-ის, ანუ Volkswagen-ის შემადგენლობაში გადასვლას უკავშირდება.
შემოსავლის და წმინდა მოგების შესახებ ინფორმაცია კომპანიას ჯერ არ გაუსაჯაროებია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ Lamborghini-ის მოგების მარჟა საკმაოდ მაღალია, ხოლო ავტომობილებზე მოთხოვნა რეკორდულადაა გაზრდილი. იტალიური კომპანიის გასული წლის შემოსავალი, სავარაუდოდ, ასევე რეკორდული იქნება. ბოლო მონაცემებით, რომლებიც 2024 წლის ცხრა თვეს აერთიანებს, Lamborghini-მ €2.43 მილიარდის შემოსავალი და €678 მილიონის საოპერაციო მოგება დააფიქსირა.

გასულ ორ წელიწადში, Lamborghini-მ სამი ახალი მოდელი წარმოადგინა და სამივე მოდელი კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა. წარმატებულ მოდელებს შორის პირველ რიგში 1,000 ცხენის ძალის მქონე იტალიური V12-ით აღჭურვილი Lamborghini Revuelto უნდა ვახსენოთ, რომლის მარაგები 2026 წლის ჩათვლით არის ამოწურული — არადა ამ ავტომობილის საწყისი ფასი $608,000-ია. 2025 წლის ბოლომდე რიგში დგომა მოუწევს იმ ადამიანს, რომელიც Lamborghini-ის პირველი SUV-ის, Urus-ის ყიდვას გადაწყვეტს და ამ სიამოვნებისთვის სულ მცირე $242,000 არ დაენანება. იტალიური ავტომწარმოებლის უახლესი მოდელთან, Lamborghini Temerario-სთან მიმართებით კონკრეტული რიცხვები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ, როგორც კომპანიაში ამბობენ, მომხმარებელმა ის დადებითად მიიღო.

ცნობისთვის, 2025 წლიდან იტალიური Lamborghini-ის ავტომობილების შეძენა საქართველოშიც შეიძლება. ჩვენს ქვეყანაში იტალიური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი “თეგეტა ჰოლდინგი” გახდა, რომელიც ქართულ ბაზარს Lamborghini-ის მოდელების სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს.

Honda Nissan-ისგან, Renault-ის მფლობელობაში არსებული წილის გამოსყიდვას ითხოვს


ავტოინდუსტრია Honda-სა და Nissan-ის შესაძლო გაერთიანების მოლოდინშია. კომპანიებმა შერწყმასა და საერთო, ჰოლდინგური ფირმის ჩამოყალიბების თაობაზე ოფიციალურადაც განაცხადეს. ცნობილია ისიც, რომ ავტომწარმოებლები ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაიწყებენ. დიდი შანსია, რომ ამ წამოწყებაში მესამე იაპონური ფირმა Mitsubishi-იც ჩაერთვება, რომელიც Nissan-ის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.

ბოლო პერიოდში უცხოურ მედიებში აქტიურად იწერება, რომ Honda-მ, თავის მომავალ პარტნიორს, იმ წილის გამოსყიდვის თხოვნით მიმართა, რომელსაც "ნისანში" ფრანგული Renault ფლობს. თუმცა ამ თხოვნის შესრულება იაპონური კომპანიისთვის მარტივი არ იქნება, რადგან წილის ღირებულება $3.6 მილიარდს აღწევს. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ იაპონური ავტომწარმოებელი, ნაღდი ფულისა და მისი ეკვივალენტის სახით, 2024 წლის ბოლოსთვის მხოლოდ $9.8 მილიარდს ფლობდა. Honda-ს სურვილის ასასრულებლად, ამ თანხის მესამედზე მეტია საჭირო, რაც ამ პირობებში საკმაოდ მაღალი ხარჯია. ამას ემატება Nissan-ის ფინანსური პრობლემებიც, რაც ამ გეგმის განხორციელებას უფრო მეტად აყენებს ეჭვქვეშ. თავად Renault-ი კი იაპონურ ავტომწარმოებლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩართული არაა. Bloomberg-ის ინფორმაციითვე, რომელიც ანონიმურ წყაროს ეყრდნობა Honda შიშობს, რომ Nissan-ი შესაძლოა არასასურველი საგარეო გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ Renault-ის წილს სხვა, მესამე მხარე გაყიდის.


TOYOTA $1.6-მილიარდიან ჯარიმას გადაიხდის

იაპონურ ავტო მწარმოებელს, TOYOTA-ს $1.6 მილიარდიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. საქმე ეხება დიზელის გამონაბოლქვთან დაკავშირებულ მონაცემებს, რომლის თაობაზეც კომპანიამ იცრუა. Hino Motors-ი, Toyota Group-ში შემავალი კომპანია, მათ მიერ წარმოებული გამონაბოლქვის შესახებ მონაცემები კი, რომელიც აშშ-ის საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციაში (NHTSA) წარადგინეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მოხსენების თანახმად, Hino Motors-ი აღიარებს დანაშაულს. კომპანიამ 2017-2019 წლებში წარმოებული ძრავების ნაწილიც უკან გაიწვია, რათა მოთხოვნების მიხედვით შეცვალოს. ცნობისთვის, იაპონურმა გიგანტმა Toyota-მ Hino Motors-ში აქციების უმრავლესობა ჯერ კიდევ 2001 წელს შეისყიდა. კომერციულ მძიმე და საშუალო სატვირთო ავტომობილებთან ერთად, კომპანია ძრავებსაც აწარმოებს. Toyota-ს საკუთრებაში არსებული კომპანიისთვის დაწესებული ჯარიმა, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში უმსხვილესია მას შემდეგ, რაც Volkswagen-ი თითქმის ათწლეულის წინ ზუსტად იმავე სკანდალში გაეხვია. Hino-ს წარმომადგენლებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთეს და მოიბოდიშეს.


EV - ფურგონების მწარმოებელი Canoo გაკოტრდა

ტრადიციულ ავტომწარმოებელ კომპანიებთან უკონკურენტო ბრძოლაში კიდევ ერთი სტარტაპი დამარცხდა. ამჯერად, გაკოტრებული კომპანიების ჩამონათვალში ამერიკული Canoo მოხვდა, რომელსაც მომავლის ტრანსპორტის შექმნა სურდა. ამ დროისთვის, Canoo-მ სამი ავტომობილი წარმოადგინა, საოჯახო ელექტროფურგონი Lifestyle Vehicle, კორპორაციული კლიენტებისთვის განკუთვნილი ელექტროფურგონი Multi-Purpose Delivery Vehicle და ელექტროპიკაპი Pickup Truck. თავად კომპანია 2017 წელს, კალიფორნიაში დაფუძნდა და მის ნოუჰაუს სკეიტბორდის მსგავსი ბრტყელი პლატფორმა წარმოადგენს, რომელზედაც სხვადასხვა ტიპის ავტომობილების დაშენება შეიძლება. 2020 წლიდან, Canoo საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. დღეს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.1 მილიონია, არადა იყო დრო, როცა ინვესტორები კომპანიას $3.55 მილიარდად აფასებდნენ, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქციები ფაქტობრივად 100%-ითაა გაუფასურებული.

ამერიკული სტარტაპის ფლაგმანური ავტომობილი არის Canoo Lifestyle Vehicle, რომელსაც მრავალფეროვანი ფუნქციური გამოყენება აქვს. ეს ელექტროფურგონი, რომელიც რამდენიმე კომპლექტაციით გამოდიოდა, ელემენტების სრული დამუხტვით 400 კილომეტრს გადის, რა დროსაც მაქსიმუმ 200 კმ/სთ-ში სიჩქარეს ავითარებს. ავტომობილს ფუტურისტული, შეიძლება ითქვას, Rivian-ისებური დიზაინი აქვს, რაც ოთხკუთხედი საჭით, სენსორული ღილაკებით, ჩაშენებული ეკრანებით და პანორამული შუშებითაა გამოხატული. ამ ავტომობილის საწყისი ფასი $34,750-ია.

როგორც Canoo-ში ამბობენ, კომპანიის მენეჯმენტმა მუშაობა უკვე შეწყვიტა, ხოლო თავად გაკოტრების პროცედურას კომპანია დელავერის შტატში გაივლის. როგორც კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, გაკოტრების გამოსაცხადებლად Canoo საგადასახადო კოდექსის მეშვიდე თავს გამოიყენებს, რაც ნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ სპეციალურად დანიშნული მმართველი კომპანიის აქტივების ლიკვიდაციას, ანუ გაყიდვას უზრუნველყოფს და მიღებულ თანხას კრედიტორებს დაუბრუნებს. საკუთარ აქტივებს Canoo $126 მილიონად აფასებს, როცა კომპანიის ვალდებულებები $164 მილიონის ტოლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები