2024 წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტში თამბაქოს აქციზიდან მიღებული თანხა რეკორდული ტემპით, 21%-ით გაიზარდა და 1.24 მილიარდ ლარს მიაღწია. წინა წელთან შედარებით აღნიშნული თანხა 215 მილიონი ლარით მეტია.
უფრო კონკრეტულად აქციზის შემოსავლები ასე ნაწილდება:
თამბაქოს აქციზი | 2024 წლის შემოსავალი თამბაქოს აქციზიდან | ზრდა კლება 2023 წელთან შედარებით |
ადგილობრივი ნაწარმი | 46,925,148 | 0% |
იმპორტირებული თამბაქოს ფიქსირებული აქციზი | 562,653,601 | 19% |
იმპორტირებული თამბაქოს ადვალური აქციზი | 637,773,169 | 24% |
ჯამი | 1,247,351,918 | 21% |
თამბაქოს აქციზიდან საბიუჯეტო შემოსავალი წელს კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რადგანაც 2024 წლის დეკემბერში ქართული ოცნების დეპუტატების ინიციატივით თამბაქოზე აქციზი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, კერძოდ სიგარეტზე აქციზური მარკის საფასურმა 1.7 ლარიდან 1.9 ლარამდე მოიმატა, ხოლო გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე განაკვეთი 1.7 ლარიდან 1.85 ლარამდე გაიზარდა.
აქციზური განაკვეთი ორი კომპონენტისგან შედგება, ესენია უშუალოდ აქციზური მარკა, რაც ფიქსირებულია და წელს 1.9 ლარს შეადგენს, ასევე აქციზის ნაწილია ცვლადი, ე.წ. "ადვალური" აქციზი, რომელიც საბოლოო სარეალიზაციო ფასზე არის მიბმული. მაგალითად თუკი კონკრეტული პროდუქტი 7 ლარი ღირს, მისი ადვალური განაკვეთი ფასის 30% ანუ 2.1 ლარია. შესაბამისად ფიქსირებული აქციზისა და ადვალური განაკვეთის ჯამი 4 ლარი გამოდის. ანუ 7 ლარის ღირებულების კონკრეტულ პროდუქტში მხოლოდ ამ ორი გადასახადის წილი არის 4 ლარი. ამას ემატება დღგ-ც, რაც საბოლოო სარეალიზაციო ფასის 18% ანუ 1.08 ლარია. შესაბამისად, ფიქსირებული და ადვალური აქციზის, ასევე დღგ-ის მოცულობა 7 ლარის ღირებულების სიგარეტის ფასში 5.08 ლარს შეადგენს.