მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტრომ თამბაქოზე აქციზური მარკების დაკვრის საფასური 1000 ღერზე $18-დან $19.5-მდე გაზარდა

თამბაქო სიგარეტი

მიმდინარე წლის 1 აპრილიდან თამბაქოს ინდუსტრია სტანდარტულ, სადა შეფუთვაზე გადადის, თუმცა ეს ერთადერთი ცვლილება არ არის, რომელიც მიმდინარე წლიდან თამბაქოს ინდუსტრიისთვის ამოქმედდა.

მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 20 თეთრით, 1,90 ლარამდე გაიზარდა აქციზი სიგარეტზე, ხოლო გასახურებელ თამბაქოზე აქციზის განაკვეთი 15 თეთრით გაიზარდა და 1.85 ლარი გახდა. შედეგად ქართული ოცნების მთავრობას დაგეგმილი აქვს, რომ ამ გზით ბიუჯეტში წელს 83.5 მილიონის საგადასახადო შემოსავალი შევა. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა მისი ამოქმედებიდან ორი კვირით ადრე მიიღო.

პოსტფაქტუმ ინდუსტრიისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ 1 იანვრიდან მათთვის მარკების დაკვრის საფასურიც გაიზარდა. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის ბრძანების მიხედვით, 1000 ცალ აქციზურ მარკაზე იმპორტირებული სიგარეტისთვის ნომინალური ღირებულება $18-დან $19,5-მდე გაიზარდა. მაშინ, როცა ადგილობრივი წარმოებისთვის ფასი უცვლელი $12 დარჩა. ეს ნიშნავს, რომ ერთ კოლოფზე მარკირების საფასური დაახლოებით 5 თეთრამდე გაიზარდა, რაც თამბაქოს ფასზე დამატებით წნეხს ქმნის.

„ჩვენთვის არავის აუხსნია მიზეზი, ჩვენ შესაბამისი ბრძანებიდან გავიგეთ, რომ 1 იანვრიდან აქიციზური მარკების ღირებულება 1000 მარკაზე 19,5 დოლარია, მაშინ როცა ადგილობრივი წარმოებისთვის აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების ფასი არ გაზრდილა. არ ვიცით რატომ მოხდა ფასის ზრდა, არანაირი კონსულტაცია ამაზე ჩვენთან არ ყოფილა. გავიგეთ მაშინ, როცა ეს ბრძანება გამოქვეყნდა.

თამბაქოს პროდუქციაზე იანვრიდან მოყოლებული ფასები უკვე გაიზარდა, რადგან იანვრიდან გაიზარდა სააქციზო განაკვეთიც და ესეც შეიძლება გახდეს დამატებითი რგოლი, რომ ფასები კიდევ უფრო გაიზარდოს“, - ალექსანდრე ავაზაშვილი, JTI-ს კორპორაციული ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დირექტორი.

ფინანსთა სამინისტრო მარკირების საფასურის გაზრდის მიზეზებს არ განმარტავს და ამის არგუმენტად მარკირების განმახორციელებელ კომპანია Sicpa-სთან კონტრაქტის კონფიდენციალურობა მოჰყავს. თავად საქართველოში შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ მარკირების საფასურის მოთხოვნით სამინისტროსთვის მათ არ მიუმართავთ და ეს სრულად სამინისტროს პრეროგატივაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები