"თიბისი კაპიტალის" კვლევის თანახმად, 2024 წელს თბილისის და ბათუმის სავაჭრო ცენტრებში იჯარა გაიზარდა.
საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანახმად, მომდევნო წლებში ახალი სავაჭრო ცენტრები თბილისს, ბათუმსა და თელავს შეემატება.
"2024 წელს თბილისის სავაჭრო ცენტრებში საშუალო იჯარამ კვ.მ-ზე $24.1 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 7.4%-ით მაღალია. იმავე პერიოდში, ბათუმის სავაჭრო ცენტრებში საშუალო იჯარა კვ.მ-ზე $23.1 იყო, 5%-ით მაღალი ვიდრე 2023 წელს. დადებითი დინამიკა ახალი სავაჭრო ცენტრების გახსნითა და აჭარაში არსებული დადებითი ეკონომიკური ტენდენციებით იყო განპირობებული.
თბილისის სამომავლო მიწოდებიდან აღსანიშნავია სავაჭრო ცენტრებიდან აღსანიშნავია თბილისი აუთლეტ ვილიჯი, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გაიხსნება და ასევე, სავაჭრო სახლი - ბავშვთა სამყარო, რომელზეც სამშენებლო ნებართვა 2024 წელს გაიცა. მომდევნო წლებში ბათუმს ორი სავაჭრო ცენტრი შეემატება: ორბი სითი და მსოფლიო სავაჭრო ცენტრი. თელავში კი, ახალი სავაჭრო ცენტრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება",- აღნიშნულია კვლევაში.
რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, თბილისში 10 თანამედროვე, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელთა ჯამური გასაქირავებელი ფართი 291 728 კვ.მ-ს შეადგენს. ბათუმში წარმოდგენილია 5 სავაჭრო ცენტრი, რომელთა ჯამური გასაქირავებელი ფართი 53 901 კვ.მ-ს შეადგენს. ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში წარმოდგენილი სავაჭრო ცენტრები ძირითადად სავაჭრო ცენტრებისა და ღია ბაზრობების კომბინაციას წარმოადგენენ. ზუგდიდს თანამედროვე სავაჭრო ცენტრი 2023 წელს შეემატა, სადაც წარმოდგენილია ქსელური მაღაზიები, საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდები.
კვლევაში ასევე მოცემულია ინფორმაცია ქუჩის სავაჭრო ობიექტების შესახებ. 2024 წელს საშუალო იჯარა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ობიექტებში ყველაზე მაღალი იყო და კვ.მ.-ზე $31-ს შეადგენდა, მეორე ადგილზე კი ბათუმი იყო - კვ.მ.-ზე $25.5 -ით. თბილისში ყველაზე მაღალი საშუალო იჯარა რუსთაველის (კვ.მ. - $33.3) და ჭავჭავაძის (კვ.მ. - $33.2) გამზირებზეა. ბათუმში გორგილაძის ქუჩა ლიდერობს, სადაც საშუალო იჯარა კვ.მ.-ზე $29.4-ს შეადგენს. ამასთან, თბილისში 2024 წელს 29 სავაჭრო ობიექტზე გაიცა სამშენებლო ნებართვა, რაც ნიშნავს, რომ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ თბილისის ბაზარზე კომერციული ფართების მიწოდება გაიზრდება.