მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2024 წელს ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა 12-14%-ით გაიზარდა" - შიოლაშვილი

ავტომობილები

ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა გაიზარდა. 2024 წლის პირველ კვარტალში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 12-14%-ია.

როგორც კავშირის ხელმძღვანელმა გიორგი შიოლაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ზრდა მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას უკავშირდება.

„გასული წელი 917 000 პირველადი ინსპექტირებით დავხურეთ. წლევანდელ წელს თუ შევადარებთ 2023 წელს, 12-14%-იანი მატება გვაქვს მიმართვიანობის თვალსაზრისით. დინამიკა დადებითია და ველით, რომ უფრო მეტი მანქანა იქნება წარდგენილი ინსპექტირებაზე. რაოდენობის ზრდისთვის უმნიშვნელოვანესია ადმინისტრირება, რაც მუდმივად გამოწვევაა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გამონაბოლქვზე კონტროლი დაწყებულია,“ - აღნიშნავს შიოლაშვილი.

ინფორმაციისთვის, 7 თვეში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 5 ათასამდე პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაავრცელა. უწყების ცნობით 2023 წლის 4 სექტემბრიდან 4 აპრილამდე ყველაზე მეტი - 2107 ჯარიმა თბილისში მოძრავ მძღოლებს დაეკისრათ; 977 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 812 - ბათუმში და 672 - რუსთავში.

ფიზიკური პირების შემთხვევაში საჯარიმო სანქცია პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, ხოლო მესამედ გამეორების შემთხვევაში მძღოლები - 600 ლარით ჯარიმდებიან. რაც შეეხება იურიდიულ პირებს ჯარიმის მოცულობა 500-იდან 300 ათასს ლარამდე იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები