Galt&Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე, “საქმიანი დილას” ეთერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უცხოური ბარათებიდან გადახდების მოცულობა მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში, 2023-ის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,7%-ით გაიზარდა.
“უცხოური ბარათებიდან გადახდების სტატისტიკაზე დაყრდნობით, შემოსავლებს ყოველთვიურ ჭრილში წინასწარ ვაფასებთ. ჩვენი შეფასებით, იანვარში ტურიზმიდან $300 მილიონის შემოსავლები მივიღეთ, თებერვალში - $275 მილიონის. ჯამურად, იანვარ-თებერვლის მაჩვენებლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, 10,7%-ითაა გაზრდილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი პროგნოზი ახდება”, - ამბობს ლაშა ქავთარაძე.
Galt&Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შემოსავლები 10%-ით გაიზრდება და $4.5 მილიარდს მიაღწევს, თუმცა ლაშა ქავთარაძე აღნიშნავს, რომ ეს რიცხვები ტურისტულ ნაკადებზეა დამოკიდებული.
“ვიცით, რომ აზერბაიჯანი ისევ და ისევ აგვიანებს საზღვრების გახსნას, რაც ტურიზმის სექტორზე გავლენას იქონიებს, თუმცა რამდენად შეიძლება ამის სხვა ქვეყნის ტურისტული ნაკადებით დაკომპენსირება შესაძლებელი - ამას მომდევნო თვეებში დავინახავთ. თუმცა ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროგნოზი ახდება”, - აცხადებს Galt&Taggart-ის ეკონომისტი.
ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წელს, საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.