მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინფლაცია გამოწვევაა რეგიონისთვისაც" - როგორია ინფლაციის დონე საქართველოს მეზობელ ქვეყნებში?

ლაშა ქავთარაძე

Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ მაღალი ინფლაცია გამოწვევაა არა მხოლოდ საქართელოსთვის, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ირანის ომის ესკალაციაა, რამაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი გაზარდა და ნავთობიმპორტიორ ქვეყნებზე ადგილობრივ და იმპორტირებულ ინფლაციაში აისახა.

ლაშა ქავთარაძის ინფორმაციით, რეგიონის ქვეყნებში ყველაზე მაღალი ინფლაცია კვლავ თურქეთში ფიქსირდება, ინფლაციის დონით მეორე ადგილზეა ყაზახეთია, თუმცა აქ პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება, ვინაიდან წლის დასაწყისში მაჩვენებელი ორნიშნა იყო. შემდეგ მოდის უკრაინა.

"ინფლაცია წელს გამოწვევაა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაა აქტუალური. აგვისტოს მონაცემებით, რეგიონში ყველაზე მაღალი ინფლაცია კვლავ თურქეთში ფიქსირდება. წლის დასაწყისთან შედარებით მაჩვენებელი გაიზარდა და 31.5% შეადგინა. შემდეგ მოდის ყაზახეთი 9.8%-იანი ინფლაციით, თუმცა იქ პოზიტიური ტენდენციაა, რადგან წლის დასაწყისში მაჩვენებელი ორნიშნა იყო (12%-ზე მეტი) და შემდგომ შემცირდა. მომდევნოა უკრაინა 8.1%-ით, სადაც ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ფაქტობრივად, ირანის ესკალაციის წნეხი აქ უფრო ძლიერია, ვიდრე პირველ ორ ქვეყანაში. შემდეგ მოდის რუსეთი 6.3%-იანი ინფლაციით, სადაც მაჩვენებელი ძირითადად 6–6.5%-ის ფარგლებში მერყეობს. უზბეკეთში საკმაოდ კარგი ტენდენციაა - აგვისტოს მდგომარეობით ფიქსირდება 6.2%-იანი ინფლაცია, რაც შენელებაზე მიუთითებს და წლის დასაწყისთან შედარებით დაახლოებით 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. აზერბაიჯანში ინფლაცია ფაქტობრივად იმავე დონეზე ნარჩუნდება, რაც წლის დასაწყისში იყო 5.7%-ია. ამის შემდეგ მოდის საქართველო. როგორც ვიცით, საქართველოში წლის დასაწყისში ინფლაცია 4.8% იყო და წლის განმავლობაში მნიშვნელოვან შენელებას, 3%-ზე დაბალ მაჩვენებელსაც კი ველოდებოდით, თუმცა აგვისტოს მდგომარეობით 5.6% გვაქვს.

დარჩენილ ორ ქვეყანაში ინფლაციის დინამიკა ჩვენზე უკეთესია ესენია ბელარუსი და სომხეთი. თუმცა ბელარუსში წლის დასაწყისთან შედარებით ინფლაციის შენელებაა, სომხეთში კი პირიქით, ზრდა (წლის დასაწყისში 3.8% იყო, ხოლო აგვისტოს მდგომარეობით 4.4%-ს შეადგენს).

იმ ქვეყნებში, სადაც ინფლაცია შენელდა, ან მაგალითად აზერბაიჯანში, სადაც იგი არ შეცვლილა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შერბილდა. თუმცა იყო ქვეყნებიც, მაგალითად თურქეთი და რუსეთი, სადაც მონეტარული პოლიტიკა შერბილდა მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია წლის დასაწყისთან შედარებით გაიზარდა. ამის ახსნა ის არის, რომ ცენტრალური ბანკები, სავარაუდოდ, რეალურ საპროცენტო განაკვეთს უყურებენ (რეალური საპროცენტო განაკვეთი არის ინფლაციით დაკორექტირებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი). ეს მაჩვენებელი მაღალ დონეზეა თურქეთში, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებშიც, რამაც მათ პოლიტიკის შერბილების საშუალება მისცა. რუსეთმაც ამ კუთხით შეარბილა განაკვეთი, თუმცა მიმდინარე პერიოდშიც კი რეალური მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საკმაოდ მაღალია დაახლოებით 7.2–7.3%-ის ფარგლებში.

არის სამი ქვეყანა, სადაც წელს ცენტრალურმა ბანკებმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდეს: უკრაინამ განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა, ჩვენ - მაისში, 0.25 პროცენტული პუნქტით, ხოლო სომხეთმა სექტემბერში 0.25 პროცენტული პუნქტით. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირანის ესკალაციის გამწვავების ფონზე, ეფექტები ყველაზე ძლიერად უკრაინასა და საქართველოში ფიქსირდება; სხვა ქვეყნებში საშუალო დონისაა, ხოლო აზერბაიჯანში, უზბეკეთსა და ბელარუსში სუსტი, რადგან ამ ქვეყნებისთვის იმპორტირებული ინფლაციის წნეხი შედარებით ნაკლები იყო", - აცხადებს ქავთარაძე და ამატებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის მაღალ დონეზე შენარჩუნებაა მოსალოდნელი, რის გამოც "ჩვენთან ინფლაცია, შესაძლოა, იმ დონემდე ვერ შემცირდეს, როგორც ამას ზაფხულში ვპროგნოზირებდით, განახლებულ პროგნოზებს თვის ბოლოს შემოგთავაზებთ.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები